ფეხბურთი

19:54 | 24.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაძარი: "კავანი-ოსიმენის შედარება უფრო ადვილია, ვიდრე კვარაცხელია-ლავეცის"

„ნაპოლის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ ბერგამოს „ატალანტასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

იტალიელ სპეციალისტს ეზეკიელ ლავეცისა და ხვიჩა კვარაცხელიას შედარებაზე ჰკითხეს. მაძარი ლავეცისთან მუშაობდა და ბევრი ფიქრობს, რომ კვარას ამ „ნაპოლიში“ იგივე ფუნქციები ექნება.

„ადვილი არ არის მათი შედარება. პოზიციის მიხედვით თუ მკითხავთ, დიახ, მაგრამ თვისებები განსხვავებულია. ლავეცი დაცვაში კვარასავით არ ჩამოდიოდა, ახლა სხვა ფეხბურთია და გუნდიც სხვა სქემით თამაშობს. მე ლავეცის უკან ჩამოსვლას არც ვთხოვდი, რადგან მაინც არ ბრუნდებოდა (იღიმის - რედ). დაცვაში ჩამოსვლის შემთხვევაში ლავეცი ვეღარ სუნთქვადა... შემტევი უნარებით ისინი მსგავსი ფეხბურთელები არიან, ბურთის გაჩერების, მეტოქის მოტყუების უნარებით, მაგრამ უფრო ადვილია კავანი-ოსიმენის შედარება, ვიდრე მათი.

გეფიცებით, 23-წლიანი კარიერის შემდეგ ისევ აღტაცებული ვარ აქ დაბრუნებით. შეკითხვის ბოლო ნაწილიდან დავიწყებ: დიახ, ეს არის ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელშიც მიმუშავია. როდესაც ვისაუბრებ, ფრთხილად უნდა ვიყო, რადგან სახელი განთქმული მაქვს წუწუნით, მაგრამ ახალი მაძარი ვარ, აღარ ვიწუწუნებ (იცინის - რედ). რაც სპალეტიმ გააკეთა, აღტაცებული ვიყავი, შედევრი იყო, გუნდი ულამაზეს ფეხბურთს თამაშობდა იტალიასა და ევროპაში. სასიამოვნო იყო შარშან „ნაპოლის“ ყურება. მადლობა პრეზიდენტს, რომ დამირეკა და სეზონის ბოლომდე მაინც მუშაობის შესაძლებლობა მომცა.

მიუხედავად იმისა, რომ სკუდეტო ვერ მოვიგე, მახსოვს, რა ხდებოდა ნეაპოლში იტალიის თასის მოგების შემდეგ, რომელიც თუ არ მეშლება ბოლო 22 წელიწადში გუნდის პირველი ტიტული იყო. თუმცა, როდესაც გუნდი არ არის შეჩვეული სკუდეტოს მოგებას, ბუნებრივია ის მოხდეს, რაც მიმდინარე სეზონში ხდება. ამიტომ, სპალეტის შეცვლა ვფიქრობ, ნებისმიერ მწვრთნელს გაუჭირდებოდა, არა მხოლოდ გარსიას.

დე ლაურენტისთან ურთიერთობა მას შემდეგაც მაქვს, რაც გუნდიდან წავედი. რამდენიმე წელი ჩვენს შორის გაუგებრობა იყო, მაგრამ ისევ ვისაუბრეთ და ყველაფერი მოგვარდა. პრეზიდენტს და მწვრთნელს შორის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.

რთული კალენდარი გვაქვს? მე ტანჯვისთვის დავიბადე (იცინის - რედ). ანგისა პირველად დღეს ვნახე, ვესაუბრე ფეხბურთელებს, ვფიქრობ, მიხვდნენ, რაც ვუთხარი. ოსიმენი შესანიშნავი ბიჭია, ძალიან მხიარულია და პირადი წარმატების გარდა, მას გუნდთან ერთად გამარჯვება აინტერესებს. ის ბრუნდება და მიხარია, თუმცა, დიდი ხანი კონტაქტი არც მასთან მქონია.

შემადგენლობა? არ მიყვარს მეტოქისთვის უპირატესობის მიცემა. სიმეონე და რასპადორი განსხვავებული ფეხბურთელები არიან. რასპადორი უფრო ტექნიკურია, სიმეონე უფრო ოსიმენს ჰგავს, მაგრამ არჩევანი იმაზეც იქნება დამოკიდებული, რომელიც უფრო დასვენებული იქნება მატჩისთვის. არ მინდა, უპირატესობა მივცე ისეთ შესანიშნავ მწვრთნელს, როგორიც გასპერინია.

4-3-3 თუ 3-მცველიანი სქემა? კოვერჩანოში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე ვიყავი და ნამდვილად შემიძლია სხვადასხვა სქემით თამაში. ზოგჯერ სხვებიც მირეკავდნენ რჩევებისთვის. წელიწადზე მეტი გაჩერებული ვიყავი და ფეხბურთის უკეთ შესწავლის საშუალება მქონდა. ჯერ გუნდი კარგად უნდა გავიცნო, გავიგო ფეხბურთელების თვისებები, რადგან ტელევიზორიდან ამის გაკეთება შეუძლებელია, სხვა არის, როდესაც ფეხბურთელებს ავარჯიშებ, მათ ინდივიდუალურ თვისებებს უკეთ ეცნობი. ამის შემდეგ გადავწყვეტ შეიცვლება თუ არა სქემა, თამაშიდან თამაშამდე ვნახოთ.

მიზნები? როდესაც სეზონის მიმდინარეობისას იწყებ მუშაობას, არ შეგიძლია მიზნებზე იფიქრო, მხოლოდ თამაშიდან თამაშამდე, გუნდის გაუმჯობესებაზე ვფიქრობ. ბოლო თამაში წავაგეთ, ამიტომ, ახლა მთავარია მოგებას დავუბრუნდეთ, პირველი ტესტი ხვალ გვაქვს. „ატალანტას“ წინააღმდეგ თამაში ადვილი არ არის, ფიზიკურად ძლიერი გუნდია. ლიდერს 10 ქულით ჩამოვრჩებით, ამიტომ, ახლა აზრი არ აქვს სკუდეტოს მოგების შანსზე საუბარს, თამაშიდან თამაშამდე ვნახოთ.

კავანი და ოსიმენი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, ეს შესამჩნევია, მაგრამ ვიქტორთან მხოლოდ 2 წუთი ვისაუბრე, როცა უკეთ გავიცნობ, უკეთ მეცოდინება. კავანისთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა, როცა ვეტყოდი დაცვას დახმარებოდა, უკან ჩამოდიოდა. ოსიმენს და მას თამაშის ერთნაირი სტილი აქვთ“, - თქვა მაძარიმ.

შეგახსენებთ, რომ „ატალანტასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 25 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

0.112845