ფეხბურთი

16:30 | 22.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მეცის" დირექტორი: "გიჟი არ ვარ, მიქატაუძეს ეს ნამდვილად შეუძლია"

„მეცის“ სპორტულმა დირექტორმა პიერ დრეოსიმ ნიდერლანდურ მედიასთან გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველის ადგილი თავდამსხმელის პოზიციაზეა და არა ფლანგზე ან ფორვარდის უკან.

დრეოსი დარწმუნებულია, რომ მიქაუტაძე ფორვარდის პოზიციაზე დიდ ფეხბურთს ითამაშებს და „აიაქსი“ მას ძალიან ძვირად გაყიდის.

„მიქაუტაძე განსაკუთრებული ბიჭი და ფეხბურთელია. ის არც ისე მაღალია და არც გამორჩეულად სწრაფი, მაგრამ ნებისმიერ დროს შეუძლია გოლის გატანა. გიორგი ნამდვილად საჯარიმო მოედნის ფეხბურთელია. მას აქვს უნარი იპოვოს გამოსავალი, როცა თითქოს, ეს გამოსავალი არ ჩანს. მისი საუკეთესო პოზიცია ნამდვილად ფორვარდის პოზიციაა. როგორც თავდამსხმელს აქვს კარგი დრიბლინგი და ბურთით ძალიან სწრაფია, თუმცა, უბურთოდ არ არის გამორჩეულად სწრაფი.

როგორც თავდამსხმელს შეუძლია მაღალ დონეს მიაღწიოს. დარწმუნებული ვარ, სეზონის განმავლობაში შეუძლია 20-ზე მეტი გოლი გაიტანა. გიჟი არ ვარ, მიქაუტაძეს ეს ნამდვილად შეუძლია, თუ თავის საუკეთესო პოზიციაზე ითამაშებს. მას აქვს თვისებები, რომ ძალიან კარგი და განსაკუთრებული თავდამსხმელი გახდეს. ფლანგზე ან თავდამსხმელის უკან თუ ითამაშებს, იგივეს ვერ ვიტყვი.

„აიაქსი“ დიდი კლუბია დიდი ისტორიით. მიქაუტაძისთვის ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია. „აიაქსი“ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და კარგი ფილოსოფიით მუშაობს. მიმაჩნია, რომ მიქაუტაძისთვის კარიერის ამ ეტაპზე „აიაქსი“ კარგი ნაბიჯია.

მიქაუტაძე ჭკვიანი და მშვიდი ბიჭია. ბოლო სატრანსფერო პერიოდში ცხადი იყო, რომ ის „მეცს“ დატოვებდა, მაგრამ მაინც ითამაშა სეზონის სტარტზე სამი თამაში და ორჯერ გოლი გაიტანა, ერთხელ საგოლე პასი გააკეთა. ასეთ სიტუაციაში ფეხბურთელი თამაშს არ ისურვებდა, რადგან ამას სახიფათოდ მიიჩნევდა, მაგრამ მან გააგრძელა ჩვენთან თამაში და ვარჯიში, რაც მის პიროვნებას ძალიან კარგად ახასიათებს. ფანტასტიკური მენტალიტეტი აქვს.

მიქაუტაძისთვის ბრძოლაში ბევრი კლუბი იყო, იტალიიდან და ინგლისიდან, მაგრამ ასევე საფრანგეთში „ლიონი“ და „რენი“. ჟორჟმა მითხრა: ინგლისურ კლუბს ველაპარაკე, მაგრამ იქ სათამაშოდ მზად არ ვარ“. მან „აიაქსი“ აირჩია, მაგრამ ეს კარგი ფილოსოფიის გუნდია. მერწმუნეთ, რამდენიმე წელიწადში „აიაქსი“ მას ძალიან დიდ ფულზე გაყიდის, არ იდარდოთ“, - თქვა დრეოსიმ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ „აიაქსში“ 6 უგოლო მატჩი ჩაატარა. ის ნიდერლანდურმა გრანდმა გასულ ზაფხულს 19 მილიონ ევროდ იყიდა.

0.115064