საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად შესაძლოა რიჩარდ კოკერილი დაინიშნოს. ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა L'EQUIPE ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ინგლისელი სპეციალისტი ბორჯღალოსნებთან კონტრაქტს 2 წლით გააფორმებს. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია რაგბის კავშირში არ დაადასტურეს.
რაგბის კავშირის გენერალურმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე უცხოელ სპეციალისტთან მიმდინარეობს, მათ შორის რამდენიმემ ქართულ მხარეს შეთავაზება საქართველოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე თავად გაუკეთა.
რაც შეეხება რიჩარდ კოკერილის, ინგლისელი სპეციალისტი ბოლოს ფრანგულ "მონპელიეში" მუშაობდა და გუნდიდან რამდენიმე დღის წინ "პერპინიანთან" წაგებული მატჩის შემდეგ გაუშვეს. 52 წლის სპეციალისტი სხვადასხვა დროს "ლესტერ ტაიგერსის", "ტულონის", "ედინბურგის" და "მონპელიეს" მწვრთნელად მუშაობდა. 2021-23 წლებში კი ინგლისის ნაკრების შერკინების მწვრთნელი იყო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ლევან მაისაშვილმა მას შემდეგ დატოვა, რაც ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპი წარუმატებლად ჩაატარეს. ქართველმა მორაგბეებმა ჯგუფში 4 თამაში ჩაატარეს და მხოლოდ 1 ფრე ითამაშეს - პორტუგალიის ნაკრებთა 18:18.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ასევე ედი ჯონსსაც უკავშირებენ.