ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას ღირსეული გამოსვლა და დამსახურებული გამარჯვება პოლონეთში გამართულ ჩელენჯერის სერიის საერთაშირისო ტურნირზე.
საქართველოს ნაკრების წყვილმა ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავამ ორი პროგრამის ჯამში სეზონის საუკეთესო რეკორდული მაჩვენებლით 204,01 ქულით 'ვარშავის თასზე' პირველი ადგილი და ოქროს მედლები დაიმსახურა. უშეცდომოდ და ტექნიკურად ურთულესი ელემენტებით დატვირთულმა თავისუფალმა პროგრამამ მსაჯებისა და სპეციალისტებისაგან მაღალი შეფასება დაიმსახურა.
ანასტასია და ლუკასათვის ეს ტურნირი პირველი საერთაშორისო სტარტი იყო უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის, ამიტომ გამოსვლის შედეგს მრავალმხრივი მნიშვნელობა ჰქონდა. პირველ რიგში, ახალი პროგრამების წარდგენა უფროსი ასაკის კატეგორიაში, მომავალი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებისათვის აუცილებელი ტექნიკური ქულების დაგროვება (რეკორდული მაჩვენებელი - 74,18 ქულა) და მსაჯებსა და სპეციალისტებში ავტორიტეტისა და კონკურენტუნარიანობის დადასტურება.
ყველა ამ ამოცანას ჩვენმა წყვილმა თავი წარმატებით გაართვა და მიუხედავად იმისა, რომ ისინი პირველი წელია, რაც წყვილში ერთად ასპარეზობენ, ყველა მონაცემით შეესაბამებიან მსოფლიო რეიტინგით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნებს.