რაგბი

14:59 | 20.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა | მესხების პირველი მარცხი

პირველი ლიგის მე-8 ტურის შემდეგ 31 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში ‘ტაო’ და ‘გორი’ ჩაუდგნენ. მესხებმა პირველი მარცხი იწვნიეს, თუმცა აღებულმა ნუგეშმა მალხაზ ჭეიშვილისა და სანდრო ესაკიას შეგირდებს უკეთესი პირისპირ ბალანსის ქონის გამო პირველი პოზიცია შეუნარჩუნა. მიჯრით მე-5 მოგებამ მესხებს ქულებით ‘გორი’ გაუტოლა. ‘დინოზავრი’ 28 ქულით მესამე ადგილზე რჩება, თუმცა დაკარგული ქულებით წყალტუბოელები ლიდერებს აღემატებიან. ‘ბაგრატი’-დინოზავრის’ წინა ტურის ჩაშლილ შეხვედრაზე სრკ-ს ტრიბუნალის ვერდიქტი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

‘ლოკომოტივი’ 20 ქულით ‘არმიას’ გაუთანაბრდა და მოწინავე კვინტეტშიც აინაცვლა. ‘ვეფხვებმა’ 16 ქულას მოუყარა თავი, ‘იუნკერებს’ 2 ქულით გადაასწრო და პლეი ოფის ზონაში, მე-6 პოზიციაზე აღზევდა. გარისელებს, მე-8 ადგილზე მყოფი ‘არმაზი’ 3 ქულით ჩამორჩება. ქვემო ქართლელები თავის მხრივ ბოლოსწინა საფეხურზე მყოფ ‘ბაგრატს’ 2 ქულით უსწრებენ. ცხრილის ბოლო საფეხურს კი 6 ქულით მოუგებლად მყოფი ‘მათე’ იკავებს. ზემო იმერლებს ჯერჯერობით დამრიგებლის შეცვლამაც ვერ უშველა. გამოცდილი სპეციალისტის ზაზა ბაკურაძის დებიუტი ‘მათეს’ მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარუმატებელი გამოდგა.

ჩემპიონატის ლიდერი ‘ტაო’ ქვეყნის 10-გზის ჩემპიონ ‘ლოკომოტივს’ „ავჭალა არენაზე“ დაუპირისპირდა. შეხვედრამ უშეღავათო ბრძოლაში, გარდამავალი უპირატესობით განვლო. მეტოქეებმა 3-3 ლელოს გატანა მოახერხეს. „რკინიგზელთა“ მხრიდან დადებული ლელოთი ბურჯი ლუკა გელაძე, მხტომელი ირაკლი ყამარაული და შუამარბი ვახტანგ კავთიძე გამოირჩნენ. კულმინაციად კი მატჩის ბოლო 10 წუთი იქცა…

‘ტაოს’ მხტომელი კაპიტნის ბექა არველაძის გარდასახული ლელოთი მესხები მინიმალური სხვაობით დაწინაურდნენ. ‘ლოკომოტივმა’ შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და აქტიური მიძალების შედეგად ბოლო წუთზე კარში დასარტყამი ჯარიმა მოიპოვა. მახვილი კუთხის მიუხედავად, „რკინიგზელთა“ ფულბეკმა ნიკა შონიამ რთულ ამოცანას კარგად გაართვა თავი და ზუსტი დარტყმით საკუთარ გუნდს სეზონში მესამე გამარჯვება მოუპოვა – 22:20.

„აია არენაზე“, ‘დინოზავრი’-‘არმიას’ მატჩის დებიუტში, წყალტუბოელთა გატანილ ჯარიმას სტუმრებმა ფიჯელი მარბიელის კოლი ტამანიკოაკულას გარდასახული ლელო შეაგებეს, თუმცა შემდგომში შეხვედრას სრულად წყალტუბოელები აკონტროლებდნენ და ბოლო წუთებამდე ზაზა ჩირგაძის ბიჭებმა 24 სამატჩო ქულა დააგროვეს. პირველ ტაიმში ლელოს გატანა იმერელთა მღლეტელმა დავით ლოსაბერიძემ და შუამარბმა დავით კვირიკაშვილმა მოახერხეს. ‘დინოზავრის’ ფულბეკმა დავით გობეჯიშვილმა კი ეულ გარდასახვას, ტაიმებში 2-2 გატანილი ჯარიმაც დაურთო.

‘არმია’ ბოლომდე იბრძოდა და ბოლო წუთებზე ტამანიკოაკულამ „დუბლი“ გაიფორმა. ფულბეკ საბა ილურიძის ზუსტად შესრულებულმა გარდასახვამ კი „არმიელებს“ ნუგეს-ქულა მოაპოვებინა – 24:17.

‘ბაგრატი’-‘გორის’ შეხვედრაც „აია არენაზე“ გაიმართა. მატჩი უაღრესად დაძაბული და მწირქულიანი გამოდგა. პირველი ნახევარი რიონისპირელებმა მგეზავ ბაკურ კუხალაშვილის გატანილი ჯარიმით მოიგეს. მეორე ტაიმში გორელთა ფულბეკმა დავით მთვარაძემ თავისივე დადებული ლელო მახვილი კუთხიდან ვერ გარდასახა, თუმცა ტაიმის შუაწელს რთული პოზიციიდან გატანილი ჯარიმით შიდა ქართლელთა უპირატესობა გაამყარა. დარჩენილ დროში ‘ბაგრატი’ ბევრს უტევდა, მაგრამ ‘გორმა’ თავი კარგად დაიცვა და რთულ ბრძოლაში სეზონში მე-7 გამარჯვება მოიპოვა – 8:3.

„ავჭალა არენამ“, ‘იუნკერები’-‘არმაზის’ რეგიონულ დერბისაც უმასპინძლა. პირველ ტაიმში მცირე უპირეტასობას გარისელები ფლობდნენ. ‘იუნკერების’ ფულბეკმა არჩილ იაშაღაშვილმა როგორც თავისი, ასევე თანაგუნდელი ფრთის გიორგი ვასაძის ლელოები გარდასახა და შესვენების წინ თეთრი წყაროელები 4 ქულით დაწინაურდნენ. მეორე ტაიმის დებიუტში იაშაღაშვილმა პირადი მონაგარი წყვილი გატანილი ჯარიმით გაამდიდრა და ‘იუნკერთა’ უპირატესობაც 10-ქულამდე გაიზარდა.

მატჩის დარჩენილი ნაწილი კი მარნეულელთა უპირატესობით წარიმართა. ‘არმაზმა’ ორგანიზებული და რაციონალური თამაშის ხარჯზე 20 უპასუხო ქულა დააგროვა. სტუმართა შუამარბმა ოთარ მეტრეველმა 2 ჯარიმა გაიტანა და თან თანაგუნდელების: ფრთა გოგიჩა გოგუასა და მარბიელ ანრი გორდაშვილის დადებული ლელოებიც გარდასახა. აღსანიშნავია, რომ გორდაშვილმა გამარჯვების მომტანი ლელოს გატანა პრაქტიკულად ბოლო შეტევაში მოახერხა – 24:20.

ჭიათურას ცენტრალურ სტადიონზეც, ‘ვეფხვებთან’ ტაიმზე მეტი დროის მანძილზე ანგარიშში უპირატესობას მასპინძელი ‘მათე’ ფლობდა. ზემო იმერელთა 2-მა ფიჯელმა ლეგიონერმა (ფულბეკი როკოდინონო და მღლეტელი ვაქანიბაუ) მოახერხა ლელოს გატანა, რომლებიც მათმა თანამემამულე მგეზავმა ნიკო იალოსოლომ გარდასახა. მეორე ტაიმის დებიუტში კი შუამარბ მერაბ ცერცვაძის გარდაუსახავი ლელოთი იმერელთა უპირატესობა 7 ქულამდე გაიზარდა.

გარე კახელებმა ტემპს უმატეს, შეხვედრაში გარდატეხა შეიტანეს და დარჩენილ დროში 20 უპასუხო ქულაც აიღეს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია დავით ხიდეშელის გარჯა. ‘ვეფხვების’ კვაჭმა მიჯრით 3 დადებული ლელოთი ჰეთ-თრიკი“ შეასრულა, სტუმართა ფულბეკმა ლაშა გურგენიძემ კი 2 გარდასახვას, 2 გატანილი ჯარიმაც დაურთო და ზემო იმერლები სამატჩო ქულის გარეშე დატოვა. ‘ვეფხვებმა’ მატჩი – 32:19 მოიგო.

RUGBY.GE

0.11521