სტეფანწმინდის ‘ყაზბეგმა’ მიმდინარე გათამაშების ლიდერ ბოლნისის ‘ყოჩებთან’ თავისი საუკეთესო თამაში ჩაატარა, 36:17 გაიმარჯვა და მოწინავე ექვსეულში დაბრუნდა.
დიდი 10-ის მე-8 ტურის დასკვნითი შეხვედრა „რაგბი პლატოზე“ გაიმართა. თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო. ‘ყოჩებს’ დებიუტში ჯარიმა და არეკნი გაუცუდდა. სამაგიეროდ, 21-ე წუთზე დავით მოძღვრიშვილის ჯარიმა ზუსტი იყო, სამიოდე წუთში კი მანვე არეკნი გაიტანა. 32-ე წუთზე სტუმართა მოლს გელა მახარაშვილის ლელო მოყვა, ზედ შესვენების წინ კი მოძღვრიშვილმა ხაზი გაჭრა, ლუკა ჩქარეულმა იერიში გააგრძელა და მისი ოფლოუდი გიორგი ნათელაშვილის ლელოთი დასრულდა. მოძღვრიშვილმა პირველი გარდასახვა გამოიყენა – 0:18.
მეორე ტაიმის დასაწყისში ‘ყაზბეგმა’ თავი კიდევ ერთხელ დაიცვა. მერე მასპინძელთა ბურჯი იროდიონ ქუცნიაშვილი სინბინით დაისაჯა, გიორგი ნათელაშვილი ფეხით შეცურებულ ბურთს შეყვა და ლელო გაიტანა, მოძღვრიშვილმა კი გარდასახა. 51-ე წუთზე ‘ყოჩებმა’ 5-მეტრიანი დერეფნიდან კარგი კომბინაცია გაითამაშა და ლაშა საჯაიამ ერთი საპასუხო ლელო გაიტანა, თუმცა იქვე ‘ყაზბეგმა’ მოლით და მახარაშვილის დუბლით უპასუხა, რითაც 25-ქულიანი უპირატესობა აღადგინა.
მალე გელა მახარაშვილი უკვე სინბინით დაისაჯა, მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და ნიკოლოზ რეხვიაშვილმა ლელო გაიტანა. ამას მოძღვრიშვილმა ჯარიმით უპასუხა. 67-ე წუთზე საჯაიამ მოლის შემდეგ ლელო დადო და ლაშა მალაღურაძემაც გარდასახა. მოძღვრიშვილმა ორ წუთში კიდევ ჯარიმით უპასუხა, დარჩენილ 10 წუთში ანგარიში აღარ შეცვლილა და ‘ყაზბეგმა’ 36:17 იმარჯვა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ყაზბეგის’ კვაჭი გელა მახარაშვილი გახდა. ამ წაგებამ ‘ყოჩებს’ პირველი ადგილი დააკარგვინა და ის ‘ლელოს’ 3 ქულით ჩამორჩება. ‘ყაზბეგი’ 20 ქულით საპლეიოფო ექვსეულში, მე-5 ადგილზე დაბრუნდა.
RUGBY.GE