რაგბი

12:59 | 17.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

სუპერ თასი | ოთხი ცვლილებით პირველობისთვის

‘შავი ლომი’ და ისრაელის ‘თელავივ ჰითი’ 18 ნოემბერს, ჩვენი დროით 21 საათზე, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში სუპერ თასის ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილის დასაკავებლად შეიბმებიან.

ორი ტურის შემდეგ ორივე გუნდს ქულათა მაქსიმუმი მოუგროვდა – 10-10 და პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ. ‘შავი ლომი’ მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლებით აღემატება და პირველ ადგილზეა. მდევრები – პორტუგალიური ‘ლუზიტანუში’ და ესპანური ‘იბერიანსი’ უქულოდ არიან და ლიდერებს ვეღარ დაეწევიან. შესაბამისად, ‘შავ ლომს’ და ‘ჰითს’ თასის ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე თამაში გარანტირებული აქვთ და მომავალი შეხვედრა მხოლოდ იმას წყვეტს, თუ ვინ იქნება ჩვენი მომავალი მეტოქე.

შეგახსენებთ, სუპერ თასის ახალი ფორმატის თანახმად, ა ჯგუფიდან ნახევარფინალში სამი გუნდი გადის და პირველადგილოსანი ბ ჯგუფის საუკეთესო გუნდს მასპინძლობს (რუმინული ‘ვულვზი’, ან ბელგიური ‘დევილზი’), მეორეადგილოსანი კი მესამეს დაუხვდება.

ორი ხაზში და ორი შერკინებაში

გასულ შაბათს ლისაბონში ‘ლუზიტანუშთან’ 22:0 მოგების შემდეგ, ‘შავი ლომის’ სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ცვლილებაა – ორი ხაზში და ორიც შერკინებაში.

ტრავმა მოიუშუშა და გუნდს უბრუნდება ბურჯი გიორგი ჩხარტიშვილი, ნიკა ხატიაშვილმა კი მარქაფაში გადაინაცვლა. როტაციის პრინციპით, მეორე ხაზში თამაშს დემურ ეფრემიძე იწყებს, ხოლო გრიგორ ქერდიყოშვილი მარქაფაშია.

კვლავ სასტარტოთა შორის არიან ბურჯი დათო აბდუშელიშვილი, კვაჭი ირაკლი ქვათაძე და მეორეხაზელი მიხეილ ბაბუნაშვილი. მესამე ხაზში მიჯრით მესამე თამაშს იწყებენ ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი და ილია სპანდერაშვილი. ასევე უცვლელია ღერძი – თენგიზ პერანიძე და ლუკა მატკავა.

ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს თორნიკე კახოიძე შეუწყვილდება, გიორგი კვესელაძე კი ამჯერად მარქაფაშია. ფრთაზე ოთარ ლაშხის ნაცვლად შალვა აფციაურს ვიხილავთ, ხოლო მეორე ფრთა და ფულბეკი აკა ტაბუცაძე და ლუკა ცირეკიძე არიან.

ზემოთჩამოთვლილი მოთამაშეთა გარდა ‘შავ ლომს’ მარქაფადან გააძლიერებენ კვაჭი ბექა მამრიკიშვილი, ბურჯი ბაჩუკი ჭუმბაძე, მესამეხაზელი გიორგი კერვალიშვილი, მგეზავი გიორგი მარგალიტაძე და ფრთა სანდრო თოდუა.

რაგბი ევროპის სუპერ თასი 2023 ა ჯგუფი. III ტური. 18 ნოემბერი. ლიმასოლი (კვიპროსი). „ცირიონ სთედიუმი“. 21:00 საქ. დრო თელავივ ჰითი (ისრაელი) – შავი ლომი (საქართველო) შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. დემურ ეფრემიძე, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.

მარქაფა: 16. ბექა მამრიკიშვილი, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. გრიგორ ქერდიყოშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. სანდრო თოდუა, 23. გიორგი კვესელაძე.

RUGBY.GE

0.115253