რაგბი

22:57 | 14.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ნიდერლანდები 29:10 დაამარცხა და ტიტულს კვლავ პორტუგალიასთან დაიცავს.

საქართველომ 18-წლამდელთა ასაკში ევროპის ჩემპიონის ტიტული პირველად 2018 წელს, საფრანგეთის ძლევით მოიპოვა (8:3); 2019 წელს ესპანეთი 20:10 დაამარცხა; 2020 წელს ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარდა, შარშანწინ და შარშან კი ფინალში პორტუგალიას ჯერ 27:0 და მერე 34:10 მოუგო.

წლევანდელი ჩემპიონატის ფინალში საქართველო ტიტულს პორტუგალიასთან ზედიზედ მესამედ დაიცავს. პორტუგალიამ 1/4-ფინალში რუმინეთს 22:15 სძლია, ნახევარფინალში კი ესპანეთი 34:6 დაამარცხა.

საქართველოს, ნიდერლანდებთან, შვეიცარიასთან მატჩის მსგავსად, განსაკუთრებით პირველ ტაიმში აშკარად ეტყობოდა შეუთამაშებლობა. შედეგად, ანგარიში მხოლოდ ტაიმის მიწურულს გაიხსნა, როდესაც მოლმა ღერძი იცვალა და შოთა ხელაძის ლელო ბუბა ნოზაძემ გარდასახა. ტაიმის გაწითლებულ დროზე ბუბა ნოზაძე სინბინით დაისაჯა, ნიდერლანდებმა კი ჩამორჩენა შეამცირა – 7:3.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში ნიდერლანდებს ორი შორეული ჯარიმა გაუცუდდა. ამასობაში მოედანზე ნოზაძე დაბრუნდა, მორკინალების მიძალების შემდეგ ბურთი ხაზზე გავიდა და ლამაზი კომბინაცია ლუკა კეშელავას ლელოთი დასრულდა.

მატჩის მიწურულს ძალისმიერ თამაშში საქართველოს უპირატესობა გამოიკვეთა და მოლის შედეგად ზედიზედ სამი ლელო გავიდა – ორი მიხეილ ხახუბიამ და ერთი ანდრო დვალმა მიითვალა. შეხვედრის მიწურულს მაღალი ბოჭვისთვის მიხეილ შიოშვილი სინბინით, გუნდი კი 7 ქულით დაისაჯა და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა – 29:10.

საქართველო და პორტუგალია ევროპის ჩემპიონს 18 ნოემბერს გამოავლენენ.

2023 წლის რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი ჩეხეთი. პრაღა. თასის ნახევარფინალი საქართველო – ნიდერლანდები 29:10 (7:3) საქართველო

ხაზი: 15. გიორგი ბოლქვაძე (ლელო), 14. ტატო ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 13. ნუგი ქევხიშვილი (ლელო), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 10. ბუბა ნოზაძე (ბათუმი), 9. გიორგი სპანდერაშვილი (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი ძაგანია (სტად ნისუა, საფრანგეთი), 2. შოთა ხელაძე (ლელო), 3. მათე ღურწკაია (ყოჩები), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი, საფრანგეთი), 5. მიხეილ შიოშვილი (ლელო), 6. ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), 7. ნიკა აბესაძე (ლელო), 8. ანდრო დვალი (ლელო, კაპ.).

მარქაფა: 16. მიხეილ ხახუბია (ლელო), 17. ნიკა ქუმარიტოვი (ლოკომოტივი), 18. გიორგი მესხიძე (ხვამლი), 19. გაგი მარგველაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 20. კახა შეყილაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 21. გიორგი ჯაში (არმია), 22. გიგი სირბილაძე (სქარბოროუ, ინგლისი), 23. დავით ბარბაქაძე (არმია), 24. სანდრო სესიაშვილი (არმია), 25. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 26. თემო წულუკიძე (იუნკერები),

RUGBY.GE

0.115541