ფეხბურთი

17:48 | 12.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიამ მეკარეს ვერ აჯობა: "ნაპოლიმ" "ემპოლისთან" წააგო

იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ემპოლისთან“ წააგო და ისედაც რთული სიტუაცია, კიდევ უფრო დაუმძიმდა.

მატჩამდე ამბობდნენ, რომ ეს რუდი გარსიასთვის გადამწყვეტი მატჩი იყო და თუ ეს სიმართლეა, დიდი შანსია, ფრანგი სპეციალისტი დაითხოვონ. და, სწორედ მისთვის გადამწყვეტ მატჩში გარსიამ ექსპერიმენტებს მიმართა: შეცვალა ტაქტიკა და ძირითად შემადგენლობაში არ გაამწესა ხვიჩა კვარაცხელია.

ქართველის გარეშე „ნაპოლის“ ფეხბურთი უფანტაზიო და ერთფეროვანი იყო. პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი საგოლე მომენტი შექმნეს, როცა მატეო პოლიტანოს ეტრიტ ბერიშამ აჯობა.

მეორე ნახევრის დასაწყისში გარსია მიხვდა, რომ შეცდა, შესაბამისად, კვარაცხელია თამაშში ჩართო, რამაც მისი გუნდი უფრო აქტიური გახდა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ „ემპოლი“ თავს ძალიან კარგად იცავდა. კვარას კარგი პასით იესპერ ლინდსტრომს შეეძლო გატანა, თუმცა მეკარემ მოიგერია დარტყმა, მერე უკვე ხვიჩას შეექმნა ორი რეალური საგოლე შანსი. სამწუხაროა, რომ ვერცერთი გამოიყენა. ორჯერვე მარცხენა ფეხით დაარტყა და ორჯერვე მეკარემ აჯობა. პირველი 79-ე წუთზე იყო, მეორე 89-ე წუთზე. მეორე შანსი 100%-იანი იყო, ხელს არავინ უშლიდა და გატანა აშკარად მართებდა.

გამოუყენებელი მომენტიდან ერთ წუთში ვიქტორ კოვალენკომ გაიტანა ულამაზესი გოლი და „ნაპოლი“ სულაც უქულოდ დარჩა - 0:1. „ნაპოლის“ შინ ამ სეზონში მხოლოდ ორი თამაში აქვს მოგებული, ბოლო 5 კი ვერ მოიგო (2 ფრე, 3 წაგება). შედეგად, 21 ქულით მეოთხე ადგილზეა, მაგრამ ტური ჯერ არ დასრულებულა და შეიძლება პოზიცია დაკარგოს.

„ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 25 ნოემბერს, „ატალანტასთან“ ჩაატარებს. მერე არის „რეალი“, „ინტერი“ და „იუვენტუსი“... კალენდარი ძალიან რთულია.

აქვე გეტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა.

ნაპოლი” – “ემპოლი” 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 კოვალენკო (90)

0.111971