ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტური ორი მატჩით და ქართული საგოლე პასით დაიწყო. დონეცკის „შახტარმა“ ჰამბურგში უმასპინძლა „ბარსელონას“, რომელიც დანილო სიკანის გოლით 1:0 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
საგოლე პასი კი გიორგი გოჩოლეიშვილის აქტივშია. ქართველი ფეხბურთელი პირველად იყო ძირითად შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე (აქამდე ცვლილებებზე ითამაშა) და მე-40 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან შესანიშნავად ჩააწოდა, სიკანმა კი თავით გაიტანა. გოჩოლეიშვილს მეორე ტაიმის დასაწყისში გოლის გატანაც შეეძლო, როცა საჯარიმოში მცველი მოატყუა, მაგრამ მახვილი კუთხიდან მისი დარტყმა მარ-ანდრე ტერ შტეგენმა მოიგერია. უკრაინელებმა უპირატესობა შეინარჩუნეს და 1:0 მოიგეს, რითაც 6 ქულა დააგროვეს. „ბარსელონას“ აქტივში კი 9 ქულაა. „შახტარი“ მომდევნო ტურში 28 ნოემბერს, „ანტვერპენს“ უმასპინძლებს.
გოჩოლეიშვილი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაც ძალიან სასიხარულოა, რადგან ქართველ მცველს ბოლო დროს წარმატებული პერიოდი არ ჰქონდა. სტატისტიკური ვებგვერდის ვერსიით, ყველაზე მაღალი შეფასებაც გიორგის ერგო. არ უთამაშია ირაკლი აზაროვს, რომელიც თადარიგში დარჩა. ერთი ხანობა, თითქმის მწვრთნელი აპირებდა თამაშში მის ჩართვას, მაგრამ მერე გადაიფიქრა. უცნობია, რა გახდა ირაკლის უთამაშებლობის მიზეზი, მაგრამ უკრაინის ჩემპიონატის წინა ტურში მცირე ტრავმა მიიღო და შესაძლოა, არ გარისკეს. მოგეხსენებათ, აზაროვმა „ბარსელონასთან“ წინა ტურში მიითვალა საგოლე პასი. ასე რომ, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში სამ ქართველ ფეხბურთელს აქვს საგოლე პასი ანგარიშზე - ხვიჩა კვარაცხელიას, ირაკლი აზაროვს და გიორგი გოჩოლეიშვილს.
დღესვე, კიდევ ერთი მატჩი F ჯგუფში გაიმართა, სადაც „დორტმუნდმა“ „ნიუკასლი“ დაამარცხა. გერმანელებმა ორი კვირის წინ ინგლისში მოიგეს და დღეს შინაც აჯობეს მეტოქეს - 2:0. შედეგად, „დორტმუნდმა“ 7 ქულა დააგროვა, ხოლო „ნიუკასლს“ 4 ქულა აქვს.
„დორტმუნდი“ – „ნიუკასლი“ 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 ფიულკრუგი (26), 2:0 ბრანდტი (79)
„შახტარი“ – „ბარსელონა“ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 სიკანი (40)