ბას დოსტი იძულებულია საფეხბურთო კარიერაში პაუზა აიღოს. გამოცდილმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა „ალკმაარის“ და „ნაიმეგენის“ მატჩის დროს თავი შეუძლოდ იგრძნო და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ის მოედანზე მოულოდნელად დაეცა, რის შედეგადაც საქმეში ექიმები ჩაერთნენ. როგორც გაირკვა, ბასს მიოკარდიტი აწუხებს, რის გამოც უახლოეს პერიოდში ფეხბურთისგან ჩამოშორება მოუწევს.
„ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი ტესტის გაკეთების შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ გულის ანთება მაქვს (მიოკარდიტი). შეიძლება შედეგები ძალიან სერიოზული ყოფილიყო, მაგრამ გამიმართლა და მოედანზევე დამეხმარნენ. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს ანთებას არანაირი კავშირი არ აქვს ვაქცინაციასთან. მჯერა, გამოვჯანმრთელდები და ფეხბურთს დავუბრუნდები, მაგრამ ახლა დადგა დრო, როდესაც ჯანმრთელობას უნდა მივხედო და დავისვენო, დრო ოჯახის წევრებს და ნათესავებს დავუთმო“, - თქვა დოსტმა.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ბას დოსტმა „ნაიმეგენის“ რიგებში 7 მატჩში 2 გოლის გატანა შეძლო.