რეგიონული ლიგის დასავლეთის 6-გუნდა პირველობაზე, მეოთხე ტურის შემდეგ ‘კოლხი რაინდებმა’ 17 ქულით ლიდერობა შეინარჩუნა. კოლხები ჯგუფში ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდადაც რჩებიან. ფოთელთა მდევარმა ‘ფენიქსმა’ ლიდერთან ჩამორჩენა 2-ქულამდე შეამცირა და მორიგ ტურში სამტრედიაში გასამართი შეხვედრა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ‘ჯანმა’ მესამე პოზიციაზე აინაცვლა და სამტრედიელებს 2 ქულით ჩამორჩება.
‘აიეტს’ 10 ქულა დარჩა და მეოთხე ადგილზე დაქვეითდა. ‘მეკობრეები’ და ზუგდიდის ‘რაგბის კლუბი’ კვლავაც მოუგებლად ასპარეზობენ. აჭარლებმა მე-3 ნუგეშ-ქულა გამოიმუშავეს, მეგრელები კი საცხრილო ქულების გარეშე იმყოფებიან.
ფოთის „პარკი არენამ“, ‘კოლხი რაინდებისა’ და ვანის ‘აიეტის’ ტურის გამორჩეულ შეხვედრას უმასპინძლა. სტუმართა ფრთა რატი მეფარიშვილის შესრულებული „დუბლით“ იმერლებმა ტაიმი 2 ქულის სხვაობით მოიგეს და ანგარიშში დაწინაურება მეორე ტაიმშიც მოახერხეს. მოახლოებულმა მარცხმა ფავორიტი დროულად გამოაფხიზლა. ‘კოლხი რაინდებმა’ მატჩის დასკვნითი ნაწილი უკეთ წარმართა, მგეზავ ლაშა პაპიძისა და ბურჯ ნიკოლოზ ჩაგუნავას გატანილი ლელოებით შეხვედრაში გარდატეხა შეიტანა. მატჩის მიწურულს კი კოლხთა ფრთა ბესო ბერაიას დადებულმა ლელომ ვანელები ქულის გარეშე დატოვა – 27:17.
სამტრედიას ‘ფენიქსი’ პირველობის აუტსაიდერ ‘რაგბის კლუბს’ ზუგდიდში ეწვია. მეგრელებმა ფავორიტს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და „მშრალი“ ანგარიშით მარცხს თავი ფულბეკ გოგა ნაჭყებიას გატანილი ეული ჯარიმით დააღწიეს. იმერლებმა კი 13 უპასუხო ლელო მიითვალეს. შუამარბმა ნიკა ფანჩულიძემ, მხტომელმა ზურა ახობაძემ, ფრთა გიზო ბენიძემ და მარქაფადან ჩართულმა ჰავბეკმა ნიკა ცხვარაძემ „დუბლი“ გაიფორმეს – 85:3.
ჩოხატაურში, ადგილობრივ ‘ჯანს’ ბათუმის ‘მეკობრეებმა’ დიდი ბრძოლა გაუმართა. შუამარბ ვიტო კირინის გარდასახული ლელოთი აჭარლები შესვენებაზე 1-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. გურულთა შორის გამორჩეული ფრთის გიორგი ასამბაძის შესრულებული „დუბლით“ მასპინძლებმა შეხვედრაში გარდატეხა შეიტანეს. ‘ჯანის’ მგეზავ საბა გოლიაძის გარდასახვამ და 2-მა გატანილმა ჯარიმამ ჩოხატაურელთა რთული გამარჯვება დააფიქსირა – 18:13.
აღმოსავლეთი10-გუნდა აღმოსავლეთში, ზედა ხუთეულში მოხვედრის შანსს რეალურად 6 გუნდი ინარჩუნებს. პირველი ჯგუფური ეტაპის დამთავრებამდე 2 ტურით ადრე მაქსიმალური შედეგით, 35 ქულით ‘წიქარა’ დაწინაურდა და ყოფილ თანალიდერ ‘რუსთავს’ 5 ქულით გაუსწრო. ‘პატარძეულმა’ მესამე ადგილი შეინარჩუნა და თან ქვემო ქართლელებთან სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა. 21 ქულით მეოთხე პოზიციაზე „ჭადარმა’ აინაცვლა და მე-5 ადგილზე დაქვეითებულ ‘ბორჯომს’ 2 ქულით გადაასწრო. მეექვსე ადგილზე მყოფმა ‘სოხუმმა’კი თორელებთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა.
„ხვამლი არენამ“, ‘წიქარა’-რუსთავის’ ლიდერთა შეხვედრას უმასპინძლა. ქვემო ქართლელთა შუამარბმა ლადო მიმინოშვილმა „დუბლი“ შეასრულა და მისი პირველი გატანილი ლელოს წყალობით, პირველ ტაიმში ‘რუსთავი’ ერთი ხანობა ანგარიშში უპირატესობასაც ფლობდა. შეხვედრას კი სრულად ‘წიქარა’ აკონტროლებდა. ‘წიქარამ’, მარბიელი კაპიტანის ფრიდონ ვეშაგურის დადებული წყვილი ლელოთი პირველი ნახევარი 7-ქულიანი სხვაობით მოიგო.
პაატა რიკაძის ბიჭები უპირატესობას სტატიკაში ფლობდნენ, ბურთზე კონტროლს ინარჩუნებდნენ, ოვალსაც მეტოქეზე სწრაფად შლიდნენ და ქვემო ქართლელებს მთლიანობაში 5 ლელო დაუდეს. ‘წიქარას’ კვაჭმა გიორგი ამილახვარმა მეორე ტაიმში „დუბლი“ შეასრულა და სწორედ მისმა გატანილმა მეორე ლელომ ‘წიქარას’ მატჩი პრემიალური ქულით მოაგებინა – 36:18.
‘პატარძეულმა’ დედაქალაქურ ‘არაგველებს’ უმასპინძლა და ჰავბეკ დემნა ხორბალაძის გატანილ ეულ ლელოს დააჯერა. გარე კახელები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და მთლიანობაში 14 ლელო გაიტანეს. ყოფილმა მოშვიდკაცე ფულბეკმა ალექსანდრე ტუჩაშვილმა „პოკერი“ გაახერხა, ხოლო მასპინძელთა კიდევ ერთმა გამოცდილმა მორაგბემ მურაზ გიორგაძემ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა, ჰავბეკმა შაქრო სუხაშვილმა კი დადებულ ლელოს, 9 გარდასახვაც დაურთო. თორღვა ქაცანაშვილის ბიჭებმა სეზონში მეხუთე გამარჯვება მოიპოვეს – 87:10.
„რაგბი პლატოზე“, ‘გარდასახვა’-‘ლაშარის’ დაძაბული შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ‘ლაშარს’ მოწინავე კვინტეტში მოხვედრის თეორიულ შანსს მხოლოდ გამარჯვება უნარჩუნებდა. მეტოქეებმა 4-4 ლელო გაიტანეს. მეორე ტაიმის შუაწელს, ფრთა ილია მახარაძის გატანილი ლელოთი ‘გარდასახვა’ 8 ქულით დაწინაურდა. შეხვედრის დასკვნითმა ნაწილმა კი ‘ლაშარის’ უპირატებით ჩაიარა. ანგარიშში სხვაობა ჯერ კვაჭ გიორგი ნამგალაძის დადებული ლელოთი შემცირდა, მატჩის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე კი მარქაფადან ჩართული ფრთის გელა შუბითიძის გატანილმა ლელომ ‘ლაშარის’ რთული გამარჯვება დააფიქსირა – 29:25.
„კავკასიონი არენაზე“, უქულოდ მყოფი ‘ივერიელი’ მატჩის დებიუტში ‘ჭადართან’ შუამარბ გელა ფოლადაშვილის ლელოთი დაწინაურდა, თუმცა ფავორიტ კახელებს უპირატესობას მოპოვება და დაგეგმილი ბონუსით მოგება არ გაჭირვებიათ. დარჩენილ დროში თელაველები სრულად დომინირებდნენ და ჯგუფის აუტსაიდერს 10 ლელო დაუდეს. კახელთა შუამარბმა ლუკა ნაყეურმა შესრულებულ „ჰეთ-თრიკთან“ ერთად, 6 გარდასახვაც გამოიყენა. შეგირდთა დამაჯერებელი გამარჯვება კი ‘ჭადარის’ მოთამაშე-მწვრთნელის, ფულბეკის პოზიციაზე მყოფ თენგო ცისკარიშვილის სისწრაფეზე დადებულმა ლელომ დააფიქსირა – 68:19.
აღმოსავლეთის მე-7 ტური კი „რაგბი პლატოზე“, ‘სოხუმი’-‘ბორჯომის’ პრინციპული შეხვედრით დასრულდა. ტაიმი თორელებმა მარბიელ თენგო ელიკაშვილის გარდაუსახავი ლელოთი მოიგეს. მეორე ტაიმში ‘სოხუმი’ გააქტიურდა, რასაც მხტომელ გიგა მაქაძის, კვაჭ ნიკოლოზ ჯინჭარაძისა და ფრთა ზუკა წულუკიძის მიჯრით დადებული 3 გარდაუსახავი ლელო მოჰყვა. ‘ბორჯომი’ ბოლომდე იბრძოდა და მატჩის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე ფრთა ბექა კაპანაძის გარდასახული ლელოთი შეხვედრის გადარჩენის შანსი დაიბრუნა, თუმცა დარჩენილ მწირ დროში თორელებმა ხელსაყრელი მომენტი გააცუდეს და ნუგეშ-ქულას დაჯერდნენ. დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება ‘სოხუმს’ დარჩა – 15:12.
RUGBY.GE