მე-6 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს სათავეში 26 ქულით ‘ტაო’ ჩაუდგა, ყოფილ ლიდერ ‘დინოზავრს’ 2 ქულით გადაასწრო და თან ლიგაში ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად დარჩა. ‘გორმა’ მე-5 მოგებით მესამე პოზიცია გაიმყარა და იმერლებთან ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა. ‘არმია’ 4 მოგებითა და 18 ქულით მეოთხე ადგილზე დამკვიდრდა.
პირველი მოგებითა და 11 ქულით ‘ლოკომოტივმა’ პლეი ოფის ზონაში, მე-6 ადგილზე აინაცვლა და მეხუთე პოზიციაზე მყოფ ‘იუნკერებს’ 2 ქულით ჩამორჩება. ცხრილის ქვედა ნაწილში კი კვლავ დიდი სიხალვათეა. მე-7 ადგილზე მყოფი ‘ბაგრატი’ ბოლოადგილოსან და ერთადერთ მოუგებლად მყოფ ‘მათეს’ 2 ქულით უსწრებს. ზემო იმერლები კი ‘ვეფხვებსა’ და არმაზს’ სულ 1 ქულით ჩამორჩებიან.
ტურის გამორჩეული შეხვედრა ასპინძაში გაიმართა, სადაც ადგილობრივი ‘ტაო’ და პირველობის ლიდერი წყალტუბოს ‘დინოზავრი’ შეიყარენ. პირველმა ნახევარმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. მასპინძელთა ფიჯელი მარბიელის ვილიკესა ვიტაუს დადებულ ლელოს, იმერლებმა მხტომელ ბებუნი კუხიანიძისა და მარქაფადან ჩართული ფრთის ლუკა ბრეგვაძის გატანილი ლელოები დაუპირისპირეს და ზაზა ჩირგაძის შეგირდები შესვენებაზე 2 ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.
მეორე ტაიმში ‘ტაოს’ უპირატესობა გამოიკვეთა. მესხებმა დაცვაში თამაში გაამკაცრეს, ოვალი სწრაფად გაშალეს, მეტოქეს უფრო მწვავედ უტიეს და მეორე ნახევარში იმერლებს სამატჩო ქულებიც არ ააღებინეს. საკუთრივ კი მესხთა კიდევ ერთმა ფიჯელმა ლეგიონერმა, ფრთა ნაიბუკა ლადინივასამ და მარქაფადან ჩართულმა ჰავბეკმა გიგა ცაგურიამ ‘დინოზავრს’ 2 ლელო დაუდეს. მასპინძელთა მგეზავ ლუკა ზუხბაიას 2-ივე გარდასახვამ და გატანილმა ჯარიმამ პირველობის დებიუტანტი საცხრილო ქულის გარეშე დატოვა – 27:12.
‘ავჭალა არენამ“ ტურის ერთბაშად 3 შეხვედრას უმასპინძლა. ‘არმია’-‘არმაზის’ მატჩი „არმიელთა“ სრული უპირატესობით წარიმართა. „ლეონსიოს“ ბიჭები შესვენებაზე 3 გარდასახული ლელოთი, 21 ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. „არმიელთა“ კვაჭმა გიორგი მექვაბიშვილმა „დუბლი“ შეასრულა. მეორე ტაიმში ‘არმიამ’ მონაგარს კიდევ 5 ლელო წაუმატა. წყვილი ლელოს გატანა მარბიელმა ამირან სახელაშვილმა მოახერხა. „არმიელთა“ აფრიკელი მგეზავი მერლს პიტერსი ამჯერზე ფულბეკის პოზიციაზე თამაშობდა და გატანილ ლელოს, 6 ზუსტად შესრულებული გარდასახვაც დაურთო – 52:12.
‘იუნკერები’-‘გორის’ შეხვედრაში ქომაგმა 2 განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველი ნახევარი გარისელთა კარნახით წარიმართა. ‘იუნკერთა’ ფრთების: გიორგი ვასაძისა და ლევან თომაძის დადებული ლელოები ფულბეკმა დავით იმნაძემ გარდასახა, 3 ჯარიმაც ძელებს შუა ზუსტად გაატარა, რამაც შესვენების წინ გიორგი ნოზაძის შეგირდებს 15-ქულიანი უპირატესობა არგუნა.
მეორე ტაიმში კი მოედანზე ვითარება მკვეთრად შეიცვალა და შიდა ქართლელთა უპირატესობა მეთოდურად გამოიკვეთა. გორელები გარისელებს სტატიკაში ჯაბნიდნენ და ოვალსაც დროულად შლიდნენ. გიორგი ჭინჭარაულის ბიჭებმა მეტოქეს გასაქანი არ მისცეს, გატანილ ეულ ჯარიმას დააჯერეს, საკუთრივ კი 5 ლელოს დადება და შეხვედრის პრემიალური ქულის თანხლებით მოგება შეძლეს – 39:26. მეორე ტაიმში ‘გორის’ მხრიდან ლელო მხტომელმა კობა ტატულაშვილმა, ფიჯელმა შუამარბმა ეპელი რატაბაკაკამ, ფულბეკმა ნიკა ბიწაძემ, კვაჭმა დიმა ხურცილავამ და ფრთა დავით მთვარაძემ გაიტანეს.
ავჭალაში გამართული შეხვედრებიდან ყველაზე დაძაბული ‘ლოკომოტივი’-‘ვეფხვების’ დაპირისპირება გამოდგა. მატჩი ქულა-ქულაში, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, რომლის კულმინაცია დასკვნითი 10 წუთი გამოდგა. გარე კახელთა ჰავბეკის გიორგი ჯღამაიას გატანილი ჯარიმით ‘ვეფხვები’ 2 ქულით დაწინაურდა, თუმცა „რკინიგზელებმა“ შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და მატჩის დამთავრებამდე 4 წუთით ადრე მორიგი მიძალება ჰავბეკ ლუკა მიშვიძის ლელოთი დააგვირგვინეს. ‘ლოკომოტივმა’, რომელმაც მეტოქეზე 1-ით მეტი, 3 ლელო გაიტანა, სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა, გარე კახელები კი ნუგეშ-ქულას დაჯერდნენ – 28:23.
‘მათე’-‘ბაგრატის’ იმერული დერბი ჭიათურას ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. მართალია, მატჩის საწყისმა 20-მა წუთმა რიონისპირელთა იერიშებში ჩაიარა, თუმცა ზემო იმერლებმა თავი კარგად დაიცვეს და აფრიკელების: მარბიელ ვუნაკი ვაქანიბაუსა და შუამარბ ტობია მატავურას გატანილი ლელოების წყალობით შესვენებაზე 12-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.
მეორე ტაიმში ‘ბაგრატი’ გააქტიურდა, რასაც მარბიელ თორნიკე იობიძის დადებული ლელო მოჰყვა, რომელიც ფულბეკმა ზვიად ოდიშარიამ გარდასახა. ‘მათეს’ კიდევ ერთმა აფრიკელმა ლეგიონერმა, მგეზავმა ნიკო იალოსოლომ გატანილი ჯარიმით მასპინძელთა ანგარიშში უპირატესობა 8-ქულამდე გაზარდა. გაგა გურეშიძის ბიჭები მარცხს არ ეპუებოდნენ და ანგარიშში ჩამორჩენა ჯერ ფრთა ზურა ჩხობაძის გარდაუსახავი ლელოთი შეამცირეს, ხოლო მატჩის დამთავრებამდე 2 წუთით ადრე ზვიად ოდიშარიას საკუთარი ნახევარიდან გატანილი ჯარიმით ფრეს გამორჩნენ – 15:15.
RUGBY.GE