ფეხბურთი

1:50 | 30.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას ბოლო წამზე მატჩის მოგება შეეძლო: "ნაპოლი" "მილანთან" ქულას დასჯერდა

იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში „ნაპოლიმ“ „მილანს“ უმასპინძლა და სეზონის ერთ-ერთ გამორჩეულ მატჩში ქულა მოიპოვა.

გადაუჭარბებლად, დიდებული თამაში გამოვიდა ორივე გუნდის შესრულებით, რომელშიც წასაგებად არცერთი გუნდი იყო გასამეტებელი. პირველი ნახევარი „მილანის“ იყო, მეორე ტაიმი - „ნაპოლის“.

„როსონერიმ“ 45 წუთში ბრწყინვალედ ითამაშა, მეტოქეს არაფრის შანსი მისცა და ოლივიე ჟირუს დუბლით დაწინაურდა. „ნაპოლის“ ერთადერთი შანსი მატეო პოლიტანოს ჰქონდა, როცა ცარიელ კარს ააცილა. ეს მომენტი მას ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალე პასით შეუქმნა. მთლიანობაში „მილანმა“ რომ ტაიმი 2:0 მოიგო, ლოგიკური იყო. უფრო მეტიც, შეიძლებოდა ლომბარდიელები უფრო დიდი სხვაობითაც გასულიყვნენ წინ, მაგრამ რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს.

მეორე ნახევარში „ნაპოლი“ გარდაიქმნა, რასაც რუდი გარსიას დროულმა სამმა ცვლილებამაც შეუწყო ხელი. შედეგად, მატეო პოლიტანომ სხვაობა შეამცირა. ეს 50-ე წუთზე მოხდა, ცოტა ხანში კი კვარაცხელიას გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ფიკაიო ტომორი აღუდგა მის სახიფათო დარტყმას. სამაგიეროდ, 63-ე წუთზე ვერავინ აღუდგა წინ ჯაკომო რასპადორის დიდებულ ჯარიმას და ანგარიში გათანაბრდა.

შემდეგ თამაში უფრო დალაგდა, გუნდები დამშვიდდნენ, მაგრამ 89-ე წუთზე ნათანის გაძევებამ „მილანს“ უპირატესობა მისცა. 91-ე წუთზე დავიდე კალაბრიამ გაანიავა მაგარი შანსი, ხოლო 94-ე, ბოლო წუთზე კი არა, წამზე, კვარაცხელიას გამარჯვების გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმა მაიკ მენიომ მოიგერია და მატჩის იმ წამსვე დასრულდა - 2:2.

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 12 მატჩში 3 გოლი გაიტანა, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა.

„ნაპოლი“ 18 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 4 ნოემბერს „სალერნიტანას“ სტუმრად დაუპირისპირდება. „მილანს“ 22 ქულით მესამე ადგილი უკავია და „უდინეზეს“ უმასპინძლებს.

„ნაპოლი“ – „მილანი“ 2:2 (0:2)

ნეაპოლი, „სტადიო მარადონა“

ნაპოლი (4-3-3): მერეტი; დი ლორენცო, რაჰმანი (ოსტიგორი 46), ნათანი, მარიო რუი (ოლივერა 46); ელმასი (სიმეონე 46), ლობოტკა, ჟელინსკი (ანგისა 77); პოლიტანო (ძანოლი 82), რასპადორი, კვარაცხელია

მწვრთნელი: რუდი გარსია

მილანი (4-3-3): მენიო; კალაბრია, კალულუ (პელეგრინო 19, ფლორენცი 87), ტომორი, ტეო ერნანდესი; მუსა, კრუნიჩი, რეინდერსი; პულიშიჩი (რომერო 46), ჟირუ (იოვიჩი 81), ლეაო (ოკაფორი 81)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლები: 0:1 ჟირუ (22), 0:2 ჟირუ (31), 1:2 პოლიტანო (50), 2:2 რასპადორი (63)

გაფრთხილება: ნათანი (53, 89), დი ლორენცო (65), ძანოლი (86) - რეინდერსი (55), რომერო (62), მუსა (78)

გაძევება: ნათანი (89)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 17 (4) – 20 (6) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: დანიელე ორსატო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122394