„ვირტუს ბოლონია“ და თორნიკე შენგელია შესანიშნავ ფორმაში არიან. იტალიელებმა ევროლიგაში ზედიზედ მეოთხედ იმარჯვეს, ქართველმა კალათბურთელმა კი ისევ ძალიან კარგად ითამაშა.
„ვირტუსმა“ სტუმრად ფრანგულ „ლიონ-ვილერბანს“ დაძაბულ ბრძოლაში 87:84 აჯობა. მთელი თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ მეორე ტაიმი უკეთ იტალიელებმა ჩაატარეს და გაიმარჯვეს.
თორნიკე შენგელია მატჩის MVP გახდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 34:18 წუთში 18 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. შენგელიამ 5-დან 4 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 29-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
20 ქულა ჰქონდა ბოლონიელთა რიგებში იზაია კორდინიეს, 16 - მარკო ბელინელის. სწორედ ხსენებული სამი კალათბურთელის ლიდერობით მოიგო ლუკა ბანკის გუნდმა. ევროლიგას სერია A-საც თუ მივათვლით, ბოლონიელებმა ზედიზედ მერვედ იმარჯვეს.
„ვირტუს ბოლონია“ 4 მოგებით და 1 წაგებით ევროლიგაში მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს „ბარსელონასა“ და „ვალენსიასთან“ ერთად, მომდევნო ტურში კი 3 ნოემბერს, „ანადოლუ ეფესს“ უმასპინძლებს.