ფეხბურთი

22:50 | 26.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის საგოლე პასი და "შტურმის" ქულა "ატალანტასთან"

ევროპა ლიგის მესამე ტურში გრაცის „შტურმი“ შინ ბერგამოს „ატალანტას“ დაუზავდა, ოთარ კიტეიშვილმა კი საგოლე პასი გააკეთა.

ავსტრიელები მე-13 წუთზე ალექსანდერ პრასმა დააწინაურა, რომელსაც პასი ქართველმა ნახევარმცველმა გაუკეთა. ოთარს თვითონაც შეეძლო გატანა, პირველ ტაიმში მოედნის ცენტრიდან თავით დაარტყა და კარს ბურთი ასცდა (მეკარე გამოსული იყო კარიდან). დარტყმა ზუსტი რომ ყოფილიყო, ფანტასტიკური გოლი გამოვიდოდა... ოთარმა ყვითელი ბარათი მიიღო და 62-ე წუთზე შეცალეს.

„ატალანტამ“ ტაიმი ლუის მურიელის დუბლით მოიგო, მეორე ტაიმის დასაწყისში „შტურმს“ კაპიტანი გაუძევეს, მაგრამ რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად, ქულა მაინც მოიპოვა ბოლოსკენ გატანილი პენალტით - 2:2. ჯგუფში 7 ქულით ლიდერი „ატალანტაა“, 4-4 ქულა აქვთ „სპორტინგსა“ და „შტურმს“, ხოლო „რაკუვს“ – 1. მომდევნო ტურში გრაცელები „ატალანტას“ 9 ნოემბერს ესტუმრებიან.

კონფერენს ლიგაზე ბრატისლავის „სლოვანმა“ სტუმრად „ლილთან“ 1:2 წააგო. ვლადიმირ ვაისს გუნდმა ფრანგებს ტოლი არაფერში დაუდო და მარცხს ნამდვილად არ იმსახურებდა. სლოვაკები 23-ე წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში ორჯერ გაუშვეს და წააგეს.

გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ჯაბა კანკავა 94-ე წუთზე შეცვალეს. კაშია 68-ე წუთამდე მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მაგრამ პირველ გაშვებულ გოლში ბრალი მიუძღვის, რადგან სწორედ მისი არაზუსტი პასით დაიწყეს ფრანგებმა საგოლე შეტევა. ჯგუფში „სლოვანი“ 6 ქულით მეორე ადგილზეა, „ლილს“ 7 ქულა აქვს, ხოლო ფარერების „კლაკსვიკს“ – 4. ფარერულმა გუნდმა წინა ტურში „ლილთან“ ფრე ითამაშა (0:0) და ამჯერად შინ ლუბლიანას „ოლიმპია“ 3:0 დაამარცხა... „სლოვანი“ მომდევნო ტურში 9 ნოემბერს, „ლილს“ უმასპინძლებს.

0.107432