ფეხბურთი

18:54 | 26.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტები: "კვარა მეომარი და პროფესიონალია, ლეაუ ნარცისი და ზარმაცი"

„ნაპოლი“ სერია A-ს უახლოეს ტურში „მილანს“ ეთამაშება, შესაბამისად, იტალიაში ისევ აქტუალური გახდა ხვიჩა კვარაცხელიას და რაფაელ ლეაუს შედარება. იტალიელი ჟურნალისტების უმეტესობა ერთ აზრზეა - კვარაცხელია უფრო კარგი ფეხბურთელია, ვიდრე პორტუგალიელი.

პაოლო დე პაოლა (ჟურნალისტი): „კვარა ცხადია ლეაუს ჯობია. კვარა სერიოზული პროფესიონალია, ლეაუ კი თამაშის დროსაც პაუზებს იღებს და გამაღიზიანებელ განწყობას ავლენს, თითქოს, ბალოტელია. ის არ არის „მილანისთვის“ თავდადებული ფეხბურთელი, არამედ ნარცისი და ეგოისტია. როდესაც სწორად ვერ თამაშობს, სწორია მისი კრიტიკა. ერთი მოქმედება ვერ შეცვლის 80 წუთში სუფთა სიზარმაცეს! კვარა პატარა მეომარია, ის ყოველთვის ეძებს თანაგუნდელებს“

ფაბიო რავეცანი (ჟურნალისტი): „სტაბილურობა ქმნის განსხვავებას. კვარამ შარშან ლეაუზე ბევრად უკეთ ითამაშა, მაგრამ შემდეგ გაუჭირდა, ეს მთელ „ნაპოლის“ ეხება, არა მარტო ქართველს. ლეაუს ტოპ-ფორმაში წლების განმავლობაში ველოდით, მაგრამ ეს ფაქტობრივად უკვე მისი სტატუსია, რომელსაც არ შეუძლია თავის ნაკრებში ძირითად შემადგენლობაში მუდმივად ითამაშოს. ლეაუს აქვს შემაშფოთებელი პაუზის მომენტები. კვარა უფრო მრავალფეროვანი და კონკრეტულია, ვიდრე ლეაუ, რომელიც მხოლოდ ერთ სტილში თამაშობს. ამ ორს შორის ქართველს ავიყვანდი გუნდში, თან არ დაგავიწყდეთ, ლეაუს ხელფასი სეზონში 7 მილიონია.

„მილანი“ კვარას შეზღუდავს? პიოლიმ აჩვენა, რომ პრობლემები ჰქონდა „ინტერთან“ ტურამის და „იუვესთან“ კინის შეზღუდვაში, მბაპეც გუშინ იმას აკეთებდა, რაც სურდა... მეეჭვება პიოლიმ გაკვეთილი ზუსტად კვარაცხელიას წინააღმდეგ ისწავლოს“.

კვარაცხელიას და რიკარდო კაკას შედარებაზე ისაუბრა კიდევ ერთმა ჟურნალისტმა ვალტერ დე მაჯომ: „ვიცი, რომ ჩემმა მოსაზრებამ დიდი ხმაური გამოიწვია, მაგრამ არ შემიცვლია აზრი: კვარაცხელია შეიძლება ბრაზილიელზე ძლიერი გახდეს. მას მართლაც უზარმაზარი პოტენციალი აქვს“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 11 მატჩში 3 გოლით, 4 საგოლე პასით და 2 მოპოვებული პენალტით შეძლო თავის გამოჩენა.

0.116033