ფეხბურთი

1:05 | 25.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას პასი, რასპადორის გოლი და "ნაპოლის" 3 ქულა ჩემპიონთა ლიგაზე

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგაზე მოაგებინა. მართალია, ქართველს გოლი არ გაუტანია, მაგრამ ისეთი საგოლე პასი გააკეთა, გოლს რომ უდრის.

მესამე ტურში რუდი გარსიას გუნდი სტუმრად „უნიონ ბერლინს“ დაუპირისპირდა და არავინ იცის, მოიგებდა თუ არა, რომ არა ხვიჩას შესანიშნავი მოქმედება. კვარამ 65-ე წუთზე მეტოქეს გვერდი აუარა, საჯარიმოში შევიდა და ჯაკომო რასპადორის ისეთი პასი გაუკეთა, იტალიელს გოლის გატანის გარდა არაფერი დარჩენოდა - მანაც ხვიჩას გარჯა დაუფასა.

ეს იყო ნეაპოლელთა ერთადერთი ზუსტი დარტყმა კარში და შინ 3 ქულა წაიღეს. გარსიას გუნდს არ უთამაშია ლამაზი ფეხბურთი, მეტიც, საკმაოდ ცუდად ითამაშა, მაგრამ კიდევ უფრო უარესი იყო „უნიონი“, რომელმაც ყველა ტურნირზე ზედიზედ მეცხრე თამაში წააგო და კატასტროფულ კრიზისშია.

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე პირველი საგოლე პასი გააკეთა, ყველა ტურნირზე კი მისი მონაგარი ასეთია: 11 მატჩი, 3 გოლი, 4 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი.

ლოგიკურია, რომ უეფამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა, რომელსაც სპეციალური ჯილდოც გადასცეს, რაც მატჩის საუკეთესო მოთამაშისთვის ჩემპიონთა ლიგაზეა განკუთვნილი.

„ნაპოლიმ“ ამ გამარჯვებით 6 ქულა დააგროვა და ჯგუფში მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „უნიონს“ უკვე შინ დაუპირისპირდება. ჯგუფს მადრიდის „რეალი“ ლიდერობს 9 ქულით, რომელმაც სტუმრად „ბრაგას“ 2:1 აჯობა. ასე რომ, თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, მერვედფინალში „რეალი“ და „ნაპოლი“ უპრობლემოდ გავლენ.

„უნიონ ბერლინი“ – „ნაპოლი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 რასპადორი (65)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121492