რაგბი

18:32 | 24.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

‘შავი ლომი’ ახალ სეზონს იწყებს

პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი ‘შავი ლომი’ ახალ, ისტორიულ სეზონს იწყებს.

წელს ჩვენი გუნდი ზედიზედ ორ ევროპის საკლუბო ტურნირს ითამაშებს. 10 დღეში იწყება რაგბი ევროპის სუპერ თასის მესამე გათამაშება, რომლის გამარჯვებული ზედიზედ ორჯერ ‘შავი ლომი’ გახდა და წელს ტიტულის დაცვას ეცდება, რის შემდეგაც, პირველად ისტორიაში, ქართული გუნდი ევროპის ჩელენჯ თასში ჩაერთვება.

განახლებული შემადგენლობით

‘შავი ლომის’ განაცხადში ამ მომენტისთვის 33 მორაგბეა, რომელთაგან 19 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა.

გუნდში 9 დებიუტანტია: ბაჩუკი ჭუმბაძე, ბექა მამრიკიშვილი, ირაკლი ქვათაძე, დემურ ეფრემიძე, ილია სპანდერაშვილი, გიორგი კვესელაძე, ლუკა ცირეკიძე, შალვა აფციაური და გიორგი ჯობავა.

ბექა მამრიკიშვილს სუპერ თასზე აქამდეც უთამაშია, ოღონდ ‘ბათუმის’ შემადგენლობაში. ქართულ ფრენჩაიზში დაბრუნდა ორი ლეგიონერი – ილია სპანდერაშვილი, რომელიც 2017 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე უმცროსი ბორჯღალოსნების კაპიტანი იყო და გამოცდილი გიორგი კვესელაძე, რომელიც ბოლოს ინგლისის პრემიერშიფის ‘გლოსთერში’ თამაშობდა.

სუპერ თასი ახალი ფორმატით

სუპერ თასში წელსაც 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, თუმცა განახლებული ფორმატით ჩატარდება. რეგიონული პრინციპის ნაცვლად, ამჯერად გუნდები ჯგუფებში ძალთა თანაფარდობის მიხედვით გადანაწილდებიან.

ა ჯგუფში ‘შავ ლომთან’ ერთად შარშანდელი ფინალისტი, ისრაელის ‘თელავივ ჰითი’, პორტუგალიური ‘ლუზიტანუში’ და ესპანური ‘იბერიანსი’ გაერთიანდნენ; ბ ჯგუფში რუმინული ‘ვულვზი’, ბელგიური ‘დევილსი’, ნიდერლანდური ‘დელტა’ და ჩეხური ‘ბოჰემია’ ითამაშებენ.

ჯგუფური ეტაპი ერთ წრედ გაიმართება, რის შემდეგაც ა ჯგუფის სამი მოწინავე გუნდი და ბ ჯგუფის გამარჯვებული თასის ნახევარფინალში გავლენ, ა ჯგუფის მეოთხე ადგილოსანი და ბ ჯგუფის სამი გუნდი კი მე-5-მე-8 ადგილებს გაითამაშებენ.

‘შავი ლომი’ 4 ნოემბერს „ავჭალაზე“, ჩვენი დროით 16 საათზე ესპანურ ‘იბერიანსს’ მასპინძლობს, 11 ნოემბერს ‘ლუზიტანუშს’ პორტუგალიაში ეწვევა, 18-ში კი ისრაელის ‘თელავივ ჰითს’ სტუმრად ეთამაშება. ნახევარფინალები და ფინალები შესაბამისად 2-3 და 16-17 დეკემბერსაა ჩანიშნული, თუმცა იმის გამო, რომ 15-17 დეკემბერს ‘შავ ლომს’ ჩელენჯ თასის მეორე ტურის შეხვედრა ელის, სუპერ თასზე მისი დასკვნითი მატჩის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

ერთი საფეხურით მაღლა

წელსვე დეკემბერში, ‘შავი ლომი’ ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის რანგით მეორე ტურნირში, ჩელენჯ თასში ჩაერთვება და თბილისს ევროპისა და მსოფლიოს უძლიერესი სარაგბო კლუბები ეწვევა.

ტურნირის სადებიუტო თამაშს ჩვენი გუნდი 9 დეკემბერს თბილისში, „მიხეილ მესხზე“ გამართავს და ინგლისის პრემიერშიფის კლუბს, ‘გლოსთერს’ დაუპირისპირდება.

მომდევნო ორი თამაში სტურად გვიწევს – 16 დეკემბერს უელსში ‘სკარლეტსთან’ და 13 იანვარს საფრანგეთში ‘კასტრთან’. ჯგუფურ ეტაპს 20 იანვარს თბილისში, ‘კლერმონთან’ რკენით ვასრულებთ. შეხვედრა „მიხეილ მესხზე“ გაიმართება.

‘შავი ლომი’ 2023/24 წლების სეზონზე

შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი, ნიკოლოზ ხატიაშვილი, დავით აბდუშელიშვილი, ბაჩუკი ჭუმბაძე, შალვა მამუკაშვილი, თენგიზ ზამთარაძე, ბექა მამრიკიშვილი, ირაკლი ქვათაძე, გიორგი ჩხარტიშვილი, ნიკა პატარაია; ნოდარ ჭეიშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი, გრიგორ ქერდიყოშვილი, გიორგი კერვალიშვილი, დემურ ეფრემიძე; მიხეილ გაჩეჩილაძე, სანდრო მამამთავრიშვილი, ლუკა ივანიშვილი, ილია სპანდერაშვილი;

ხაზი: თენგიზ პერანიძე, გიორგი მარგალიტაძე, ლუკა მატკავა, მერაბ შარიქაძე, დემურ თაფლაძე, გიორგი კვესელაძე, აკაკი ტაბუცაძე, სანდრო თოდუა, ლუკა ცირეკიძე, ოთარ ლაშხი, შალვა აფციაური, მირიან მოდებაძე, თორნიკე კახოიძე, გიორგი ჯობავა.

RUGBY.GE

0.165825