საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ორგანიზებით თბილისში ჩატარდა მწვრთნელთა ტექნიკური კურსები.
სემინარის ფარგლებში კურსების მონაწილეები საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტთან მარიამ გიორგობიანთან და მოწვეულ ექსპერტთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, სადაც სტუმრებს უმასპინძლათ სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა.
სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა სტუმრებს, ისაუბრა აღნიშნული პროგრამის მნიშვნელობაზე, საქართველოში ფიგურული ციგურაობის წარმატებების შესახებ და წარმატებები უსურვა თითოეულ მონაწილეს სამომავლო საქმიანობაში.
შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა დაათვალიერეს ახალი ოლიმპიური მუზეუმი.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია თავისი საქმიანობის ფარგლებში მწვრთნელ-მასწავლებელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით აქტიურად ახორციელებს მათ მხარდამჭერ ტრენერ-პროგრამებსა და საკვალიფიკაციო სემინარებს, რომლის ძირითადი მიზანი რეგიონალური თანამშრომლობის განვითარება და იმ ტექნიკური წესების და რეგულაციების გაცნობა-გაზიარებაა, რომელიც შესაბამისობაშია საერთაშორისო საციგურაო კავშირის მოთხოვნებთან.
ამ მიზნით, მიმდინარე წლის 16 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში ჩატარდა, მოქმედ მწვრთნელ-მასწავლებლებისთვის მწვრთნელთა ტექნიკური კურსები, რომელსაც უძღვებოდა საერთაშორისო კატეგორიის მოწვეული სპეციალისტი, 35 წლიანი გამოცდილებით, ქალბატონი შანეტ ფოლე.
აღნიშნული კურსები ითვალისწინებდა, როგორც თეორიულ ნაწილს ასევე, ,,Ice Arena Acadey"- ის ყინულის მოედანზე პრაქტიკულ მეცადინეობებს.
მწვრთნელთა ტექნიკური კურსების დასრულების შემდეგ 24 მონაწილეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატები გადასცა სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა.
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი