რაგბი

12:25 | 23.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ‘ლელო’ ერთპიროვნულად გალიდერდა

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფს მეხუთე ტურის შემდეგ სათავეში ერთპიროვნულად ‘ლელო’ ჩაუდგა. ჩემპიონმა ყველა შეხვედრა პრემიალური ქულით მოიგო და მაქსიმალური შედეგით, 25 ქულით გალიდერდა. მართალია, ‘ლელოს’ მსგავსად, ‘ბათუმმაც’ პირველობის ყველა შეხვედრაში იმარჯვა, თუმცა ამჯერზე ბონუსის აღება ვერ შეძლო და ჩემპიონს ცხრილში 1 ქულით ჩამორჩა. მორიგ ტურში გამორჩეული ლიდერთა დაპირისპირება იქნება, რომელიც მესამე მასივში, ‘ლელოს’ არენაზე გაიმართება. პირველი მარცხის შემდეგ ‘აია’ 21 ქულით ცხრილში მესამე პოზიციაზე დარჩა.

„რაგბი პლატოზე“, ‘აკადემიამ’ ჩემპიონ ‘ლელოს’ ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ზურა ხორბალაძის ბიჭებმა 42 უპასუხო ქულით საქმე პირველივე ტაიმში მოამთავრეს. ფავორიტის წარმატებას სათავე კვაჭ შოთა ხელაძის გატანილმა ლელომ დაუდო. მხტომელმა ზაურ აბჟანდაძემ და შუამარბმა იოანე ბასილაიამ „დუბლი“ შეასრულეს. ‘ლელოს’ მგეზავმა ამირან ბიწკინაშვილმა კი გატანილ ლელოს 7 ზუსტად შესრულებული გარდასახვაც დაურთო. ჩემპიონმა მთლიანობაში „მხატვრებს“ 10 უპასუხო ლელო დაუდო და მატჩი „მშრალი“ ანგარიშით – 64:0 მოიგო.

სეზონში მესამე მოგებით, ‘არმია’ 14 ქულით მეოთხე ადგილზე დამკვიდრდა და მდევარ ‘აკადემიას’ 5 ქულით გაუსწრო. პირველი მოგებითა და 6 ქულით რუსთავის ‘ხარები’ პლეი ოფის ზონაში, მეექვსე პოზიციაზე დარჩა და მოუგებლად მყოფ თანარეგიონელ ბოლნისის ‘ყოჩებს’ 4 ქულით გაუსწრო. ცხრილში ბოლო ადგილზე სავალალო შედეგის მქონე ‘აია’-1 იმყოფება. რიონისპირელთა მეორე გუნდს ჯერ სამატჩო ქულებიც კი არ აუღია და თან თამაშში საშუალოდ 90 ქულას უშვებს.

აჭარის დედაქალაქში, ‘ბათუმი-1’-ისა და ‘აიას’ შეხვედრა მოსალოდნელისამებრ უკომპრომისო და მეტად დაძაბული გამოდგა. გასული სეზონის პრიზიორებმა ქომაგს ლაღი, სწრაფი და შედეგიანი თამაში აჩვენეს. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მეტოქეებმა 4-4 ლელო გაიტანეს. შესვენებაზე მასპინძლები 10-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. ბათუმელთა ფრთა მათე თავდგირიძემ „დუბლი“ შეასრულა.

მეორე ნახევარში ‘აია’ გააქტიურდა და რამდენჯერმე ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. მატჩის დასკვნით ნაწილში დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია. ჯერ აჭარლებმა მოლით იძალეს და კვაჭ ნიკა ბერიძის დადებული ლელოთი 8 ქულით დაწინაურდნენ. რიონისპირელთა პასუხმაც არ დაახანა და ფულბეკ გიორგი ბარდალიანის გარდასახული ლელოთი ანგარიშში სხვაობა კვლავ მინიმუმამდე შემცირდა. ‘აიას’ მატჩის სახსნელად დრო არ ეყო და ნუგეშ-ქულას დაჯერდა. ‘ბათუმმა’, რომელმაც მეტოქის შეცდომებზე მეტად იხეირა, მიჯრით მეხუთე გამარჯვება იზეიმა, თუმცა სეზონში პრემიალური ქულის აღება პირველად ვერ მოახერხა – 27:26.

„რაგბი პლატოზე“, ბოლნისის ‘ყოჩებისა’ და ‘არმიას’ მატჩის ტაიმნახევარი „არმიელთა“ უპირატესობით წარიმართა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში გია ჯავახიშვილის შეგირდებმა 18 უპასუხო ქულა აიღეს. „არმიელთა“ ფრთა სანდრო მესხიძისა და შუამარბ სანდრო სესიაშვილის დადებულ ლელოებს, ჰავბეკმა გიორგი ჯაშმა 1 გარდასახვა და 2 გატანილი ჯარიმაც დაურთო. ‘ყოჩები’ მარცხს არ ეგუებოდა და შეხვედრის დასკვნითმა ნაწილმა ქვემო ქართლელთა იერიშებში ჩაიარა. მარბიელების: თემურ ცხოვრებაძისა და არჩილ ნოზაძის გატანილი ლელოებითა და მგეზავ ლუკა კორძახიას 1 გარდასახვით ‘ყოჩებმა’ ნუგეშ-ქულა გამოიმუშავეს – 18:12.

„ხარები არენაზე“, რუსთავის ‘ხარებისა’ და აია’-1-ის შეხვედრა სამნიშნა ციფრით დასრულდა. ქვემო ქართლელებმა განუზომელი უპირატესობა 18 უპასუხო ლელოში ასახეს. აღსანიშნავია, რომ ლელოს გატანა ‘ხარების’ 12-მა მოთამაშემ მოახერხა. ყველაზე შედეგიანი კი შესრულებული „ჰეთ-თრიკით“- მასპინძელთა მარბიელი ცოტნე ჭანტურია გამოდგა, ფულბეკმა გიორგი სვანიძემ კი „დუბლი“ გაიფორმა და 7 გარდასახვაც გამოიყენა – 105:0.

RUGBY.GE

0.11848