‘დინოზავრმა’ და ‘ტაომ’ მეხუთე ტურშიც წარმატებით ითამაშეს და პირველობას 5-5 მოგებით, დაუმარცხებლად აგრძელებენ. სეზონში მოპოვებულმა მეოთხე პრემიალურმა ქულამ იმერლებს ცხრილში 24 ქულით პირველი ადგილი განუმტკიცა და თან მდევარ მესხებთან უპირატესობა 2-ქულამდე გაიზარდა. მორიგ ტურში, ასპინძაში გასამართი ლიდერთა შეხვედრა ბუნებრივია გამორჩეული იქნება.
‘გორმა’ სეზონში მეოთხე შეხვედრა მოიგო და ცხრილში მესამე პოზიცია გაიმყარა. შიდა ქართლელები ‘ტაოს’ კვლავ 5 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო 2 მდევარს, ‘იუნკერებსა’ და ‘არმიას’ 4 ქულით უსწრებენ.
სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში დიდი სიხალვათეა. კვლავაც მოუგებლად მყოფმა ‘ლოკომოტივმა’ და ‘არმაზმა’ 7-7 ქულა დააგროვეს. აღნიშნულ წყვილს 1 ქულით ‘ბაგრატი’ და ‘ვეფხვები’ ჩამორჩებიან. „რკინიგზელთა“ მსგავსად პირველი გამარჯვების მოლოდინში მყოფმა ‘მათემ’ კი 4 ქულით ცხრილის ბოლო საფეხურზე ჩაინაცვლა.
‘მათე’-‘დინოზავრის’ იმერულ დერბის ჭიათურის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა. მატჩის საწყისი 30 წუთი წყალტუბოელთა სრული უპირატესობით წარიმართა. პირველობის დებიუტანტი და ლიდერი 3 გარდასახული ლელოთი (მხტომელები: ბებუნი კუხიანიძე თორნიკე შუბითიძე; კაპიტანი და მარბიელი ბადრი დანგაძე) 21-ქულიანი სხვაობით დაწინაურდა. ზემო იმერლები მცირე უპირატესობას დაეფლნენ და ფიჯელი შუამარბის ტობია მატავურას კომბინაციურ სტილში დადებული ლამაზი ლელოთი შესვენების წინ ანგარიშში ჩამორჩენა 14-ქულამდე შეამცირეს.
მეორე ტაიმში მატჩის საერთო სურათი არ შეცვლილა. ‘მათე’, ფიჯელი მგეზავის იალოსოლოს გატანილ ეულ ჯარიმას დაჯერდა, ‘დინოზავრმა’ კი უპირატესობა მარბიელ პაატა გალდავას დადებული ლელოთი გაიმყარა, რამაც ლიდერს პრემიალური ქულაც არგუნა. აღსანიშნავია, რომ წყალტუბოელთა მგეზავმა დავით გობეჯიშვილმა 4-ივე გარდასახვა გამოიყენა და თან საკუთარი გუნდის დამაჯერებელ გამარჯვებას წერტილი ჩინებული არეკნით დაუსვა – 31:10.
პირველობის კიდევ ერთი ლიდერი ტაო, მარნეულის ‘არმაზს’ ვაზისუბნის სარაგბო არენაზე ესტუმრა. მართალია, ქვემო ქართლელები მთელი შეხვედრის მანძილზე სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და არაერთი მწვავე შეტევაც განახორციელეს, თუმცა მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში მყოფმა მასპინძლებმა მხოლოდ 3 ლელოს გატანა მოახერხეს, მესხებმა კი პრაქტიკულად ყველა შანსი გამოიყენეს.
პირველ ნახევარში ‘ტაოს’ მხრიდან ლელო მღლეტელმა დავით მაჭარაშვილმა, ბურჯმა ლუკა ახვლედიანმა და მარბიელმა თორნიკე ზოიძემ გაიტანეს. მეორე ტაიმში კი სტუმარათა სამატჩო ქულების მონაგარი კვაჭმა თამაზ კილაძემ და ფიჯელმა მხტომელმა ნასოკიტაბუამ გაამდიდრეს. ‘ტაომ’ პირველ ტაიმში მოპოვებული 12-ქულიანი უპირატესობა სრულად შეინარჩუნა, თუმცა პრემიალური ქულის აღება ვერ მოახერხა – 31:19.
საკუთარი არენის დაზიანებული მოედნის საფარის გამო, პატარძეულის ‘ვეფხვებმა’ საშინაო შეხვედრა ‘არმიასთან’ ვაზისუბანში გამართეს. ‘არმია’ გარკვეულ უპირატესობას თავიდანვე დაეუფლა, პირველ ტაიმში 3 ლელო გაიტანა და შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობით წავიდა. მეორე ტაიმის მიწურულს, ფრთა გოგა გელაშვილისა და მარქაფადან ჩართული ფულბეკის საბა ილურიძის ლელოთა წყალობით „არმიელები“ 10 ქულით დაწინაურდნენ.
გარე კახელებმა საკუთრივ მეტოქეს 3 ლელო დაუდეს, ფრთა ტატო ბურთიკაშვილმა „დუბლი“ გაიფორმა, თუმცა ეს საერთო წარმატების მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა. ‘ვეფხვები’ მატჩის ბოლო წუთზე მგეზავ გიორგი ჯღამაიას გატანილი ჯარიმით მხოლოდ ნუგეშ-ქულას გამორჩა, ‘არმიამ’ კი სეზონში მესამე გამარჯვება იზეიმა – 32:25 და მოწინავე კვინტეტში დამკვიდრდა.
გორში, ჭალის დასახლებაში ადგილობრივი ‘გორისა’ და ‘ლოკომოტივის’ შეხვედრა უხვქულიანი, სანახაობრივი და ზედრამატული გამოდგა. მეტოქეებმა მთლიანობაში 6-6 ლელო გაიტანეს, თუმცა მეორე ტაიმის შუაწელს შიდა ქართლელები 20-ქულიან უპირატესობას ფლობდნენ. მატჩის დასკვნით ნაწილში „რკინიგზელები აფეთქდნენ“ და მიჯრით დადებული 3 უპასუხო ლელოთი (მხტომელი გიორგი გოგლიძე; ბურჯი ზურაბ აფციაური; კაპიტანი და მარბიელი რამაზ ბენდელიანი) ანგარიშში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს.
ქვეყნის 10-გზის ჩემპიონი ურთულეს „ქამბექთან“ ახლოს იყო, თუმცა ბოლო შეტევაში მასპინძელთა 5-მეტრიანთან შეტევაში დაჯარიმდა და ოდენ ნუგეშ-ქულას დაჯერდა. ‘გორმა’ პირველობის ჯერჯერობით ყველაზე შედეგიანი შეხვედრა – 41:40 მოიგო.
„აია არენაზე“, ‘ბაგრატისა’ და თეთრი წყაროს ‘იუნკერების’ შეხვედრაც ასევე დაძაბული და დრამატული გამოდგა. რიონისპირელებმა 4 გარდასახული ლელოთი პირველი ტაიმი 13-ქულიანი სხვაობით მოიგეს. მასპინძელთა მხტომელმა გოგა ცხადაძემ „დუბლი“ შეასრულა. მეორე ნახევარი კი გარისელთა უპირატესობით წარიმართა. ‘იუნკერებმაც’ მთლიანობაში 4 ლელო გატანა მოახერხა.
მატჩის დამთავრებამდე 13 წუთით ადრე გარისელთა მგეზავმა დავით იმნაძემ თავისივე გატანილი ლელო გარდასახა და ‘იუნკერები’ 1 ქულით დააწინაურა. შეხვედრის დასკვნითმა ნაწილმა მასპინძელთა იერიშებში ჩაიარა. ბოლო წუთზე რიონისპირელთა ფულბეკმა ზვიად ოდიშარიამ, ვისაც მანამდე 4-ივე ლელო ქონდა გარდასახული, 30 მეტრიდან ჯარიმა ზუსტად შეასრულა, რამაც გაგა გურეშიძის შეგირდთა სეზონის პირველი გამარჯვება დააფიქსირა – 31:29.
RUGBY.GE