სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა თსუ-მა, რომელმაც 3 დღის წინ გერმანიაში, ფიბა ევროპის თასზე ითამაშა, საქართველოს ჩემპიონატში პირველი მატჩი გამართა და დაძაბულ ბრძოლაში კავკასიას სძლია – 89:85 (სტატისტიკა). ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა თსუ-მ დიდი ბრძოლა გადაიტანა გერმანიაში, სადაც ბუნდესლიგის წარმომადგენელს ბოლო წამებამდე ებრძოლა და საბოლოოდ დამარცხდა.უნივერსიტეტელები თბილისში გუშინ, გამთენიისას დაბრუნდნენ და კავკასიასთან მატჩამდე სრულფასოვანი ვარჯიში ვერ ჩაატარეს.
შედეგად, ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა კავკასიელებმა თსუ-ს გვარიანი ბრძოლა გამოურთეს. ის კი არა, უმეტესწილად, იგებდნენ, თუმცა ბოლო წუთებზე, როცა ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტი დადგა, გამოცდილებამ თავისი გაიტანა. შეხვედრის დასრულებამდე წუთით ადრე კავკასია 75:68 იგებდა და წარმატებამდე სულ მცირედი აკლდა. თსუ-ს მოთამაშეებმა ეს ჩამორჩენა მალევე შეამცირეს, რაც მათი გუნდის გამოცდილი წევრების – გიორგი ცინცაძის, კახა ჯინჭარაძის, გიორგი ტურძილაძის და ალექსანდრე ფევაძის დამსახურება იყო.
განსაკუთრებით გამოსარჩევია ფევაძე, რომელიც ამ შეხვედრაში შეუჩერებელი იყო. საბოლოოდ მის ანგარიშზე 31 ქულა, 14 მოხსნა და 3 პასი დაგროვდა. კავკასიელებსაც ჰყავდათ თავიანთი ლიდერი – ამერიკელი გრეგ ფარჰემი, რომელმაც 32 ქულა, 12 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, თუმცა გუნდურ თამაშში საბოლოოდ თსუ-მა იმარჯვა და სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყო.
თსუ-ს პირველი ტურის მატჩი ევროტურნირის გერმანიაში ჩასატარებელი მატჩის გამო გადაედო და ეს შეხვედრა მიმდინარე წლის 28 დეკემბერს გაიმართება.
GBF.GE