სუპერლიგის მე-2 ტურის რიგით მე-3 შეხვედრა დღეს, გორში გაიმართა. სუპერლიგაში დებიუტი ჰქონდა “ივერიონს”, რომელიც წინა სეზონში “ა” ლიგიდან ტყიბულის “ორბთან” ერთად უმაღლესში აღზევდა. გორს გურჯაანის “დელტა” ესტუმრა და პირველი პერიოდი 14:18 დათმო. გორელები მეორე პერიოდის დასაწყისში 10 ქულით – 27:17 დაწინაურდნენ, მაგრამ გურჯაანელებმა თამაში გამოასწორეს და სწორად შერჩეული ტაქიკითა და სათამაშო დისციპლინით ეს ჩამორჩენა მალევე გააბათილეს.
მეორე პერიოდის შუაწელში ანგარიში გათანაბრდა, ხოლო დიდ შესვენებამდე 4 წუთით ადრე გურჯაანელები პირველად და საბოლოოდ დაწინაურდნენ. მეორე პერიოდი დელტამ 25:15 მოიგო, შესვენებისთვის 39:33 დაწინაურდა და ამის შემდეგ მეტოქე ახლოს აღარ მიკარა. მესამე პერიოდში გურჯაანელთა უპირატესობამ 10 ქულას გადააჭარბა და აღნიშნულ ზღვარს მასპინძლები თამაშის ბოლოსთვის, ისიც ერთი ქულით ჩამოსცდნენ – 61:70 (სტატისტიკა).
გამარჯვებულებს 20 ქულით, 7 პასით და 4 მოხსნით ოთარ ფხაკაძემ ულიდერა. 14 ქულა, 17 მოხსნა და 3-3 ჩაჭრა-დაფარება მიითვალა ბექა ბექაურმა, საბა ლობჯანიძის ანგარიშზე კი 12 ქულა და 15 მოხსნა დაგროვდა. გორელთაგან 14 ქულითა და 8 პასით საუკეთესო იყო გივი ბაქრაძე, კევინ ჰარდრიქტმა 15 ქულა დააგროვა, ხოლო რიკარდო ლინჩმა ივერიონს 12 ქულა და 9 მოხსნა შესძინა.
გურჯაანელებს მე-2 ტურის შემდეგ თითო მოგებ-წაგება აქვთ, გორელებს კი 1 მარცხი.
სუპერლიგის მე-2 ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა ხვალ, 22 ოქტომბერს, რეგიონებში გაიმართება. ტყიბულში ორბი ზესტაფონის მარგვეთს უმასპინძლებს, ხოლო ქუთაისში სათამაშოდ გაუ ჩავა.
GBF.GE