ესპანური პრიმერას მე-10 ტურის მატჩში „სევილიამ“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა.
შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა, ფეხბურთელები ხშირად კამათობდნენ და გაწევ-გამოწევაც რამდენიმეჯერ ვნახეთ.
უკვე მე-4 წუთზე მადრიდელთა ურუგვაელმა ფედრიკო ვალვერდემ გაიტანა, მაგრამ გოლი თამაშგარეს მიზეზით არ ჩაითვალა.
გოლები მეორე ნახევრის ოთხწუთიან მონაკვეთში გავიდა. 74-ე წუთზე სტუმართა ავსტრიელმა დავიდ ალაბამ საკუთარ კარში შეაგდო ბურთი, 78-ზე კი დანიელ კარვახალმა გაათანაბრა.
საინტერესოა, რომ ექს-რეალელმა, სერხიო რამოსმა, ყოფილი კლუბის წინააღმდეგ 18 წლის შემდეგ პირველად ითამაშა.
„რეალი“ 25 ქულით კვლავ ერთპიროვნული ლიდერია.