„მილანი“ სერია A-ს მეცხრე ტურში „იუვენტუსთან“ მატჩს საკადრო პრობლემებით ხვდება. „როსონერის“ სათადარიგო მეკარე მარკო სპორტიელო გამოაკლდა, რომელსაც ძირითად შემადგენლობაში უნდა ეთამაშა.
საქმე ისაა, რომ „მილანს“ მაიკ მენიო დისკვალიფიცირებული ჰყავს, დღევანდელ ვარჯიშზე კი მისი შემცვლელი სპორტიელოც დაშავდა და ვერ ითამაშებს. სტეფანო პიოლის კარში ანტონიო მირანტეს დაყენება მოუწევს, რომელიც 40 წლისაა.
მირანტეს „მილანში“ ერთადერთხელ აქვს ნათამაშები, ისიც შეცვლაზე, ხოლო ძირითად შემადგენლობაში ბოლოს 2021 წლის აპრილში „რომას“ მაისურით ითამაშა. „მილანს“ ასევე ვერ დაეხმარება ტეო ერნანდესიც.
თუმცა, კიდევ უფრო სერიოზული დანაკლისი აქვს „იუვენტუსს“, რომელსაც პოლ პოგბა და ნიკოლო ფაჯოლი დისკვალიფიკაციის, ხოლო დანილო და ფედერიკო კიეზა ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან.