ფეხბურთი

11:00 | 18.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვარიანტები: ერთა ლიგის პლეი-ოფი და საქართველოს ნაკრების შესაძლო მეტოქეები

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დასასრულისკენ მიდის, ოქტომბრის სანაკრებო ფანჯარა წარსულს ჩაბარდა და წინ კიდევ ორი ტურია, რომელიც ნოემბერში გაიმართება.

ყველაფერი სწორედ ნოემბერში გაირკვევა, მაგრამ ერთა ლიგის პლეი-ოფისთვის კონტურები გამოიკვეთა. ჩვენთვის საინტერესო ცხადია C დივიზიონის პლეი-ოფია, სადაც საქართველო გამოვა.

ვილი სანიოლის გუნდი ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე ითამაშებს. მეტოქე ორიდან ერთ-ერთი იქნება: ლუქსემბურგი ან აზერბაიჯანი.

დღევანდელი მონაცემებით ერთა ლიგის ნახევარფინალები ასეთი იქნებოდა:

საქართველო - ლუქსემბურგი

საბერძნეთი - ყაზახეთი

თუმცა, ეს შეიძლება ნოემბრის მატჩებმა და საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამ შეცვალოს. და მაინც, ამის შანსი ძალიან მცირეა. როგორ შეიძლება შეიცვალოს? საქმე ისაა, რომ საბერძნეთს, ლუქსემბურგსა და ყაზახეთს ჯერ კიდევ აქვთ შანსი ჩვეულებრივი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე და ცხადია, შემდეგ პლეი-ოფში არ ითამაშებენ. თუ ერთ-ერთი მაინც გავა შესარჩევი ეტაპიდან, საქართველოს მეტოქე ნახევარფინალში შეეცვლება და აზერბაიჯანი იქნება (თუ ორი გავა, კოსოვო).

მაგრამ, აღნიშნოთ, რომ ხსენებული სამი ნაკრების შანსი საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევისა, არც ისე დიდია. ყველაზე მცირე შანსი საბერძნეთს აქვს. ბერძნებს ერთი მატჩი დარჩათ გასამართი, ისიც საფრანგეთის წინააღმდეგ, ხოლო მის კონკურენტ ნიდერლანდებს ორი თამაში აქვს ჩასატარებელი, თანაც გიბრალტარისა და ირლანდიის წინააღმდეგ. ახლა, საბერძნეთს და ნიდერლანდებს თანაბარი ქულები აქვთ, ურთიერთშეხვედრებში რონალდ კუმანის გუნდი ფლობს უპირატესობას. მოკლედ, თავად განსაჯეთ, რა შანსია იმისა, რომ საბერძნეთმა ნიდერლანდებს აჯობოს - პრაქტიკულად არ არის...

მიზერული შანსი აქვს ლუქსემბურგის ნაკრებს, რომელიც კონკურენტ სლოვაკეთს შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 5 ქულით ჩამორჩება, თან სლოვაკებს ურთიერთშეხვედრებშიც უპირატესობა აქვთ ლუქსემბურგელებთან. ბოლო ორ ტურში სლოვაკეთი ისლანდიას და ბოსნიას ეთამაშება, ამ მატჩებში 1 ქულაც ეყოფა, ხოლო ლუქსემბურგი ბოსნიას და ლიხტანშტაინს შეხვდება. მოკლედ, ლუქსემბურგს საბერძნეთზე უკეთესი შანსი ნამდვილად აქვს, მაგრამ მაინც მიზერული და სასწაული უნდა მოხდეს.

აი, ყაზახეთის ნაკრების შანსი ამ სამს შორის ყველაზე რეალურია. ყაზახეთის ნაკრები ამჟამად 4 ქულით ჩამორჩება დანიას და სლოვენიას, მაგრამ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მაგრამ: მომდევნო ტურში ყაზახეთი სან მარინოს უმასპინძლებს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ უსუსტეს მეტოქესთან 3 ქულას მოიპოვებს, ხოლო დანია და სლოვენია ერთმანეთს ხვდებიან, შესაბამისად, ორივე თუ არა, ერთ-ერთი ქულებს დაკარგავს. ამრიგად, ბოლო ტურის წინ ყაზახეთს 18 ქულა ექნება, დანიას და სლოვენიას 22, 20 ან 19, გააჩნია, მათი დუელი როგორ დასრულდება. შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში დანია ჩრდილოეთ ირლანდიას სტუმრობს, სლოვენია სწორედ ყაზახეთს უმასპინძლებს. დიდი შანსია, სწორედ სლოვენია-ყაზახეთის მატჩმა გადაწყვიტოს ყველაფერი და მაგომედ ადიევის გუნდი ისე თამაშობს, გამორიცხული საერთოდ არაფერია.

ამრიგად, ერთ თვეში გაირკვევა ყველაფერი და დაკომპლექტდება ერთა ლიგის პლეი-ოფებიც სამივე დივიზიონში. ამჟამად, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება გერმანიას, ესპანეთს, შოტლანდიას, თურქეთს, ავსტრიას, ბელგიას, პორტუგალიას, საფრანგეთსა და ინგლისს აქვთ მოპოვებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114521