საქართველოს 21-წლამდე ნაკრები შვედეთთან მატჩისთვის ემზადება, რომელსაც ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურში შეხვდება.
მატჩამდე ქართველმა ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს:
„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდეს. მნიშვნელოვანი თამაშია, 3 ქულა ძალიან გვჭირდება. ტაქტიკურად მზად ვართ, მთავარია ჩვენი თამაში ვითამაშოთ და ჩვენს სასარგებლოდ დავამთავროთ თამაში“, - თქვა სიგუამ.
„რთული მეტოქეა, ძალიან კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ვიცით, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, იმედია, გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა ხვადაგიანმა.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფს სამი ტურის შემდეგ 9 ქულით ნიდერლანდები ლიდერობს, ხოლო საქართველო და სწორედ შვედეთი 6-6 ქულით მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ. აღნიშნული მატჩი 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ბათუმში გაიმართება.