რაგბი

15:19 | 16.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა | ლიდერებმა ბონუსით მოიგეს

პირველი ლიგის მეოთხე ტურის შემდეგ ლიდერთა მდგომარეობა უცვლელი დარჩა. სატურნირო ცხრილს სათავეში 19 ქულით ‘დინოზავრი’ უდგას, რომელიც მასსავით ყველა შეხვედრის მომგებ ‘ტაოს’ 1 ქულით უსწრებს. 13 ქულით ‘გორმა’ მოწინავე სამეულში აინაცვლა. ‘იუნკერები’ შიდა ქართლელებს 1 ქულით ჩამორჩება და მეოთხე პოზიციას იკავებს. სეზონში მეორე მარცხმა ‘არმია’ მე-5 ადგილზე დააქვეითა. 3 განცდილი მარცხის მიუხედავად, ‘არმაზი’ 7 ქულით მეექვსე პოზიციას ინარჩუნებს და „არმიელებს“ 2 ქულით ჩამორჩება.

მოუგებლად ასპარეზობას კი ‘ლოკომოტივი’, ‘მათე’ და ‘ბაგრატი’ აგრძელებენ. რიონისპირელებმა პირველი საცხრილო ქულები აიღეს, თუმცა ბოლო ადგილზე დარჩნენ. „რკინიგზელებმა“ მიჯრით მეორე ფრით, 6 ქულა დააგროვეს, ცხრილში ადგილი ‘ვეფხვებს’ გაუცვალეს და მეშვიდე პოზიციაზე აინაცვლეს. ზემო იმერლები კი 4 ქულით ცხრილის ბოლოსწინა, მეცხრე ადგილს იკავებენ და გარე კახელებს 1 ქულით ჩამორჩებიან.

„აია არენაზე“, წყალტუბოს ‘დინოზავრმა’ მარნეულის ‘არმაზს’ უმასპინძლა და მატჩის დებიუტში ფრთა ლუკა ბრეგაძის გატანილი ლელოთი დაწინაურდა. მართალია, პირველ ნახევარში იმერელთა კვაჭმა გიორგი ტორაძემაც შეძლო ლელოს დადება, თუმცა სტუმართა კვაჭ საბა კურატიშვილის შესრულებული „დუბლით“ ქვემო ქართლელები ‘დინოზავრს’ შესვენების წინ ანგარიშში მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩნენ.

მეორე ტაიმი კი ზაზა ჩირგაძის ბიჭების სრული უპირატესობით წარიმართა. ტორაძემ „დუბლი“ გაიფორმა, ლელო იმერელთა კაპიტანმა იაგო ხაბულიანმაც გაიტანა, ხოლო ბოლო წუთზე მარქაფადან ჩართული ფულბეკის დავით გასვიანის დადებულმა ლელომ ‘დინოზავრს’ მატჩი ბონუსით – 36:21 მოაგებინა, რამაც პირველობის დებიუტანტს ცხრილში პირველი ადგილი შეუნარჩუნა.

ასპინძაში, ‘ტაოსა’ და პატარძეულის ‘ვეფხვების’ შეხვედრა მეტად საინტერესო და დაძაბული გამოდგა. მართალია, გარე კახელებმა მხოლოდ 1 ლელოს (მღლეტელი ნიკოლოზ გოგლიძე) დადება მოახერხეს, თუმცა გამარჯვების გარკვეულ შანსს მატჩის ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდნენ. ‘ვეფხვების’ ფულბეკმა ლაშა გურგენიძემ ზუსტ გარდასახვას, 4 გატანილი ჯარიმაც დაურთო და შეხვედრის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე მასპინძელთა უპირატესობა მხოლოდ 5 ქულას შეადგენდა.

‘ტაომ’ ტაიმებში 2-2 ლელოს გატანა მოახერხა და თან მესხთა მგეზავმა ლუკა ზუხბაიამ ოთხივე გარდასახვა გამოიყენა. პირველ ნახევარში ლელო ‘ტაოს’ ჰავბეკმა გიგი ნოზაძემ და ფიჯელმა მარბიელმა ვილიკესე ვიტაუმ გაიტანეს. მეორე ტაიმში კი თავი ჯერ მარქაფადან ჩართულმა ბურჯმა ლუკა ახვლედიანმა გამოიჩინა, ბოლო წუთებზე კი „არეულ“ თამაშში უკეთ ფიჯელი ლეგიონერი გაერკვა, ვისმა შესრულებულმა „დუბლმა“ მესხებს მატჩი საშური ბონუსით მოაგებინა – 31:19.

„ავჭალა არენამ“ ტურის 2 შეხვედრას უმასპინძლა და ორივე მატჩი ფიცხელი, უშეღავათო ბრძოლით გამოირჩა. ‘არმია’-‘გორის’ შეხვედრის დებიუტში შიდა ქართლელები აფრიკელი შუამარბის ეპელის გარდასახული ლელოთი დაწინაურდნენ, თუმცა ტაიმის მიწურულამდე უპირატესობას „არმიელები“ დაეუფლნენ. ‘არმიას’ აფრიკელმა მგეზავმა მერლს პიტერსმა საკუთარი გუნდის დამრიგებლის ლევან ცაბაძის ვაჟის, კვაჭ დიტო ცაბაძის ლელო გარდასახა, 2 ჯარიმაც ზუსტად შეასრულა და შესვენების წინ თანაგუნდელები 3-ქულიანი უპირატესობით დააწინაურა.

მეორე ტაიმში ‘გორი’ დაცვაში საიმედოდ ირჯებოდა და მასპინძელს სამატჩო ქულა აღარ ააღებინა. საკუთრივ კი მიხეილ ორაგველიძის ბიჭებმა უპირატესად მორკინალთა აქტიური თამაშის წყალობით 2 ლელოს გაიტანა მოახერხეს. მოლის ჩაქცევისთვის დანიშნულ საჯარიმო ლელოს, მარქაფადან ჩართული გორელთა შუამარბის ნიკა ჩიღვინიძის გარდასახული ლელო მოჰყვა, რამაც „არმიელები“ სამატჩო ქულის გარეშე დატოვა, შიდა ქართლელებმა კი სეზონში მესამე გამარჯვება იზეიმეს – 24:13.

„ავჭალა არენაზე“, თეთრი წყაროს ‘იუნკერებისა’ და ჭიათურას ‘მათეს’ პირველ ტაიმში მეტოქეებმა 2-2 ლელო გაიტანეს, თუმცა ზუსტი გარდასახვებითა და გატანილი ჯარიმით ზემო იმერლებმა პირველი ნახევარი 5-ქულიანი სხვაობით მოიგეს. მეორე ტაიმში კი უკეთ გარისელები ირჯებოდნენ და დაცვაში საიმედო თამაშთან ერთად, 8 უპასუხო ქულაც აიღეს. ფულბეკ არჩილ იაშაღიშვილის გატანილ ჯარიმას, მღლეტელ ავთო ნიკოლაძის დადებული ლელო დაერთო და გიორგი ნოზაძის ბიჭებმა სეზონში მესამე რთული გამარჯვება მოიპოვეს, ზემო იმერლები კი ნუგეშ-ქულას დააჯერეს – 20:17.

„რაგბი პლატოზე“, ‘ლოკომოტივისა’ და ‘ბაგრატის’ შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველ ნახევარში მეტოქეებმა ლელოები გაცვალეს, თუმცა ეულმა გატანილმა ჯარიმამ ‘ლოკომოტივს’ ტაიმი მინიმალური სხვაობით მოაგებინა. მეორე ტაიმის საწყისი წუთებიც „რკინიგზელთა“ უპირატესობით აღინიშნა. მარბიელი კაპიტნის რამაზ ბენდელიანისა და ფრთა გელა ლალიაშვილის გატანილი ლელოებით ქვეყნის 10-გზის ჩემპიონი ბოლო წუთებზე 7 ქულის სხვაობით იგებდა. ‘ბაგრატი’ არ შედრკა, ბოლომდე თავდადებით იბრძოლა და მატჩის მიწურულს ჰავბეკ გუჯა კიკვაძის დადებული ლელოთი, რომელიც ფულბეკმა ზვიად ოდიშარიამ ზუსტად გარდასახა, ფრესა და სეზონში პირველ საცხრილო ქულებს გამორჩა – 20:20.

RUGBY.GE

0.108142