რეგიონული ლიგის დასავლეთ ჯგუფში რეგლამენტით გათვალისწინებულმა 3-კვირიანმა პაუზამ დაისადგურა, აღმოსავლეთის ბინადრებმა კი მეექვსე ტურის შეხვედრები გამართეს. ‘რუსთავმა’ და ‘წიქარამ’ მორიგი, დამაჯერებელი გამარჯვებები პრემიალური ქულების თანხლებით გაიფორმეს, რამაც აღმოსავლეთს ორხელისუფლებიანობა შეუნარჩუნა. ქვემო ქართლელებმა და ‘წიქარამ’ მაქსიმალურ, 30-30 ქულას მოუყარეს თავი და მორიგ ტურში უდაოდ გამორჩეული სწორედ ლიდერთა დაპირისპირება იქნება, რომელიც დედაქალაქში გაიმართება.
ცხრილის მოწინავე ექვსეულში მყოფი გუნდებიდან ხელი მხოლოდ ‘სოხუმს’ მოეცარა, რაც სოხუმელებს მეექვსე პოზიციამდე დაქვეითების ფასად დაუჯდათ. ‘პატარძეულმა’ მესამე ადგილი შეინარჩუნა და მდევარ ‘ბორჯომს’ კვლავ 1 ქულით უსწრებს. მოწინავე კვინტეტს ‘ჭადარი’ დაუბრუნდა, რომელიც თორელებს 3 ქულით ჩამორჩება. ‘ლაშარს’ კი სეზონში განცდილმა მეოთხე მარცხმა ზედა ხუთეულში მოხვედრის შანსი მკვეთრად შეუმცირა.
ქვემო ქართლის დედაქალაქში, ‘რუსთავმა’ ‘სოხუმს’ ხელდახელ თამაშში 11 უპასუხო ლელო დაუდო და „მშრალი“ ანგარიშით სეზონში მეოთხე შეხვედრა მოიგო – 67:0. მასპინძელთა მარბიელმა ზვიად ღამბარაშვილმა და მარქაფადან ჩართულმა გიორგი ძნელაძემ „დუბლი“ შეასრულეს. აღსანიშნავია, რომ ,რუსთავი’ მეტოქეს კონტაქტურ თამაშში, სტატიკაშიც გვარიანად ჯაბნიდა.
პირველობის კიდევ ერთი ლიდერი ‘წიქარა’ უქულოდ და ბოლო ადგილზე მყოფ ‘ივერიელს’ ვაზისუბნის სარაგბო არენაზე დაუპირისპირდა და დაგეგმილი ბონუსით უპრობლემოდ მოიგო – 78:3. ‘წიქარას’ ფულბეკმა ლუკა ლომაურმა „პოკერი“ შეასრულა და 6 გარდასახვაც გამოიყენა. აუტსაიდერმა კი „მშრალი“ ანგარიშით მარცხისაგან თავის დაღწევა, პირველ ტაიმში შუამარბ თორნიკე ხურცილავას გატანილი ეული ჯარიმით მოახერხა.
მოწინავე კვარტეტში მყოფ ‘ბორჯომს’ კი ‘გარდასახვასთან’ ნაადრევი გამარჯვების რწმენა კინაღამ ძვირად დაუჯდა. ვაზისუბანში, მატჩის ნომინალურმა მასპინძელმა თორელებმა მეტოქეს პირველ ტაიმში 5 უპასუხო ლელო გაუტანეს და შესვენებაზე 31-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. მეორე ნახევარში კი ‘გარდასახვამ’ თორელთა ერთგვარი მოდუნებით ისარგებლა და 3 გარდასახული ლელოთი მატჩის გადარჩენის შანსი დაიბრუნა. ბორჯომელები დროულად გამოფხიზლდნენ და მარბიელ შახო ჯავახიას გატანილი ლელოთი შეხვედრა პრემიალური ქულით – 38:21 მოიგეს. ჯავახიამ „დუბლი“ შეასრულა და საკუთარ გუნდში პირველი და ბოლო ლელოს ავტორიც გამოდგა.
„რაგბი პლატოზე“, ‘არაგველებისა’ და თელავის ‘ჭადარის’ შეხვედრა კახელთა სრული უპირატესობით წარიმართა. ‘ჭადარმა’ ბურჯ გიგა ბასილაშვილის, მარბიელ საბა ზათიაშვილისა და კვაჭ შალვა ხუცაიძის ლელოთა წყალობით, რასაც გუნდის მოთამაშე-მწვრთნელის თენგო ცისკარიშვილის გატანილი ჯარიმა+გარდასახვაც დაერთო, პირველ ტაიმში 20 უპასუხო ქულა აიღო. მეორე ნახევარში ზათიაშვილმა „დუბლი“ შეასრულა და კახელებმა მატჩი „მშრალი“ ანგარიშით – 25:0 მოიგეს.
„ხვამლი არენაზე“, ზედა ხუთეულისთვის მებრძოლნი ‘ლაშარი’ და ‘პატარძეული’ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა გარე კახელთა სრული უპირატესობით წარიმართა. თორღვა ქაცანაშვილის ბიჭებმა მასპინძელს 8 უპასუხო ლელო დაუდეს. კახელთა მხტომელმა ოთარ ლაფერიშვილმა „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა, მგეზავმა ლაშა ბრეგვაძემ კი 8-ვე გარდასახვა გამოიყენა. ‘პატარძეულმა’ „მშრალი“ ანგარიშით – 56:0 იმარჯვა და აღებული პრემიალური ქულით ცხრილში მესამე პოზიცია შეინარჩუნა.
RUGBY.GE