ბოლნისის ‘ყოჩებმა’ ‘ბათუმს’ მინიმალური სხვაობით, 14:13 სძლია და 5 თამაშიდან 4 მოგებითა და 18 ქულით, სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე აღზევდა.
‘ბათუმმა’ მეორე შეხვედრა დათმო, თუმცა ამჯერადაც აიღო ნუგეშ-ქულა და 15 ქულით მე-4 პოზიციაზეა.
„რაგბი პლატოზე“ გამართულ შეხვედრაში ორივე გუნდი ხშირად ცდებოდა და ტემპიც დაბალი იყო. მატჩის დებიუტში ანგარიში ლაშა მალაღურაძემ ჯარიმით გახსნა, რის შემდეგაც სტუმრები დაეუფლნენ ინიციატივას და მე-9 წუთზე ლამაზი ლელოც უნდა გასულიყო, მაგრამ მამუკა ნინიძის ფეხით გადაკიდებული ბურთი ლელოში ანზორ სიჭინავამ ვერ შეიმაგრა.
ერთ წუთში ზღვისპირელებმა მოლი ააგორეს, რომელიც ვაჟა თაგაურის ლელოთი დასრულდა და ‘ბათუმი’ მაინც დაწინაურდა. ნინიძემ გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც გაიტანა, რასაც ბოლნისელთა გააქტიურება მოყვა და 23-ე წუთზე მალაღურაძემ ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა. მერე ზურაბ ძნელაძე სინბინით დაისაჯა, ‘ყოჩებმა’ კაცნაკლულ მეტოქეს სალელოვედ შეუტია, მალაღურაძემ ჯარიმა სწრაფად გაითამაშა და ზედ ლელოს ხაზთან შეაჩერეს, იქიდან კი ლელოში ბურთი გიორგი მჭედლიშვილმა გადადო – 11:10.
მეორე ტაიმი კიდევ უფრო ჩაკეტილი გამოდგა. ნინიძის 56-ე წუთზე გატანილ ჯარიმას, 4 წუთში მალაღურაძემ არეკნით (40 მეტრიდან) უპასუხა. 65-ე წუთზე სტუმრებს ლიდერობის დაბრუნების შანსი ჰქონდათ, მაგრამ ჯარიმიდან ბურთი ძელმა აისხლიტა. 70-ე წუთზე ძნელაძემ მეორე ყვითელი და შესაბამისად, წითელი ბარათი მიიღო. ბოლო წუთზე მალაღურაძემ ჯარიმა კარში დაარტყა და მიზანმა უმტყუნა, თანაც ისე, რომ ბურთი თამაშში დარჩა და ‘ბათუმმა’ შეუტია, მაგრამ მასპინძლებმა თავი დაიცვეს და ‘ყოჩებმა’ 14:13 იმარჯვეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ყოჩების’ ფულბეკი სოსო მათიაშვილი გახდა.
RUGBY.GE