საქართველოს ჩემპიონმა რუსთავის ‘ხარებმა’, ქუთაისში ‘არესის’ წინააღმდეგობა დასკვნით 30 წუთში გატეხა და დაძაბულ ბრძოლაში 28:22 იმარჯვა.
‘ხარებისთვის’ ეს მიმდინარე სეზონში მეოთხე გამარჯვებაა, 18 ქულა დაუგროვდა და კონკურენტების თამაშამდე პირველ ადგილზე აღზევდა. ‘არესს’ ნუგეშის ქულა ერგო, ჯამში 6 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა.
დიდი 10-ის მე-5 ტურის პირველი შეხვედრა „აია არენაზე“ გაიმართა. პირველ ტაიმში ორივე გუნდი ხშირად ცდებოდა და ტემპიც დაბალი იყო. მასპინძლებმა საწყის წუთებში ფორვარდებით შეუტიეს, შემდეგ ჯერზე დერეფნიდან ბურთი ხაზზე გაიტანეს, ნიკა ძნელაძემ მცველს შემოურბინა და ლელოთი ანგარიში გახსნა.
ტაიმის შუაში რუსთაველებმა შეძლეს მეტოქის ნახევარზე გადასვლა, თუმცა 28-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევა მიიღეს და მარცხენა ფრთაზე ნგლენ თაკაუტინი გაიქცა. ‘ხარებმა’ ტემპს უმატა და ლელოს გატანასთანაც ძალიან ახლოს იყო, მაგრამ გიორგი თავაძემ შეტევა სინბინის ხარჯზე ჩაშალა. 35-ე წუთზე სტუმართა პირველი ლელო მაინც გავიდა – ფარნა გასვიანმა 5-მეტრიანში ჯარიმა გაითამაშა და მისი მიძალება ვერავინ შეაჩერა, ალექსი ზაზაძემ კი გარდასახა. თამაში რომ განახლდა ‘ხარები’ ისევ შეცდა, კონტრშეტევაზე არსენ მაჩალაძე გაიქცა, რამდენიმე მბოჭავი ჩამოიცილა და თავისი გუნდის მესამე ლელო გაიტანა. ბონდო აბაშიძეს ყველა გარდასახვა გაუცუდდა – 15:7.
მეორე ტაიმი ‘ხარების’ შეტევებით დაიწყო. მათ ჯარიმების კარში დარტყმაზე უარი თქვეს, მაგრამ ‘არესმა’ 5-მეტრიანში კარგად დაიცვა თავი, 51-ე წუთზე კი მეტოქე კონტრშეტევაზე ერთხელაც გამოიჭირა. საკუთარი ნახევრიდან დაახლოებით 50 მეტრი მბენი ტამბუნამ ირბინა, შეტევა თაკაუტინმა გააგრძელა და გოგა კობახიძემ ლელოთი დააგვირგვინა, აბაშიძემ კი გარდასახვიდან პირველად გაიტანა.
‘ხარები’ გეგმას მიყვა, სწრაფად დაბრუნდა მეტოქის 22-ში, შეტევის ტემპი კიდევ უფრო ააჩქარა და გურამ ქანდაურაშვილმა მარჯვენა ალამთან ლელო გაიტანა, ზაზაძემ კი რთული პოზიციიდან გარდასახა.62-ე წუთზე სტუმრებმა უკვე კარის წინ გაჭრეს ხაზი, ხვიჩა ბუჯიაშვილს თამაზ ჭამიაშვილი კარგად მიყვა და მისი ლელო ზაზაძემ გარდასახა, რის შემდეგაც სხვაობა 1 ქულამდე დავიდა. 4 წუთში ‘ხარებმა’ ფრთაზე ერთხელაც გაშალა შეტევა, ბაქარ ზედგინიძე მცველებს გაექცა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.
გარდასახვა ზუსტი იყო და ბასილაიამ დარჩენილ დროში არეკნით ორჯერ სცადა 3 ქულის აღება, მაგრამ მიზანმა ორივეჯერ უმტყუნა. დასკვნით წუთებში ‘ხარებმა’ რამდენიმე შეცდომა დაუშვა და ‘არესს’ სალელოვე შეტევისთვის არცთუ ცუდი პლაცდარმი მიეცა, მაგრამ ამით ვერ ისარგებლა და საბოლოოდ ‘ხარებმა’ 28:22 იმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გურამ ქანდაურაშვილი გახდა.
RUGBY.GE