ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი 2028 წლის თამაშების პროგრამაში დამატებით შესატანად სპორტის ხუთ სახეობას - კრიკეტს, ლაკროსს, სქვოშს, ფლაგ-ფუტბოლს და ბეისბოლი/სოფტბოლს წარადგენს.
სპორტის ამ სახეობების დამატებაზე გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) უნდა მიიღოს. ხმის მიცემის პროცესი IOC-ის მომავალ სესიაზე ჩატარდება, რომელსაც 15-17 ოქტომბერს მუმბაი (ინდოეთი) უმასპინძლებს.
2022 წლის მარტში IOC-მა 2028 წლის ოლიმპიური თამაშების ძირითად პროგრამაში სპორტის 28 სახეობა შეიტანა. მათ შორის არის საწყლოსნო სახეობები, მშვილდოსნობა, მძლეოსნობა, ბადმინტონი, ბალახის ჰოკეი, გოლფი, კალათბურთი, ველოსპორტი, ცხენოსნობა, ფარიკაობა, ფეხბურთი, სპორტული და მხატვრული ტანვარჯიში, ხელბურთი, ძიუდო, ნიჩბოსნობა, 7-კაცა რაგბი, აფროსნობა, ტყვიის სროლა, სკეიტბორდინგი, სპორტული ცოცვა, სერფინგი, მაგიდის ჩოგბურთი, ტაეკვონდო, ჩოგბურთი, ტრიატლონი, ფრენბურთი და ჭიდაობა.
ძირითადი ოლიმპიუარი პროგრამიდან დროებით ამოღებული სპორტის ტრადიციული ოლიმპიური სახეობები - ძალოსნობა, კრივი და თანამედროვე ხუთჭიდი, სავარაუდოდ, ასევე შევა ლოს-ანჯელესი-2028-ის პროგრამაში.
ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშები ჩატარდება 2028 წლის 14-30 ივლისს.
GEONOC.ORG.GE