ფეხბურთი

0:40 | 13.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე: "მეტოქე მაღალი დონის იყო, მაგრამ ნებისმიერი მარცხი მიუღებელია"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ნიდერლანდებთან მარცხის (0:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მეტოქე უფრო მაღალი დონის იყო, მაგრამ მისმა გუნდმა ერთი გოლის გატანა მაინც დაიმსახურა.

„ნებისმიერი მარცხი, რა დონის მეტოქეც არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მტკივნეული და მიუღებელია. თამაში რამდენიმე ფაზად იყო დაყოფილი, გვქონდა რამდენიმე შანსი ჯერ კიდევ 0:0-ზე, რომელსაც შეეძლო რაღაც დოზით თამაში შეეცვალა. მერე კი, ისეთი ორი გოლი გავუშვით, რომელიც არ უნდა მიგვეღო, რადგან სტანდარტულ სიტუაციებზე ვარჯიშებზე დიდი აქცენტი გაკეთებდა. ამ გოლებმა კი თამაშის სურათი მთლიანად შეცვალა.

თამაშიდან და მომენტებიდან გამომდინარე, მეტოქის სიძლიერის მიუხედავად, რომელიც ჩვენზე მაღალი დონისაა, მშრალი ანგარიშით მარცხს არ ვიმსახურებდით, მაგრამ ეს ფეხბურთია და ჩვენთვის გაკვეთილია. გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ჩვენი ფეხბურთელების 90%-ზე მეტმა პირველად ითამაშა ასეთი დონის გუნდის წინააღმდეგ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დროის გასვლასთან ერთად მოვუმატებთ, რადგან ამის პოტენციალი გუნდში იგრძნობა“, - თქვა სვანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს 3 მატჩში 6 ქულა აქვს და ჯგუფში, სადაც ლიდერი ნიდერლანდებია 9 ქულით, მეორე ადგილზეა. რამაზ სვანაძის გუნდი მომდევნო მატჩს 17 ოქტომბერს, ისევ ბათუმში, უშუალო კონკურენტ შვედეთთან გამართავს.

0.115577