იტალიაში ფეხბურთელების მიერ ფსონების განთავსებაზე დიდი სკანდალია. როგორც ჩანს, „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ნიკოლო ფაჯოლი არ არის ერთადერთი, რომელსაც აზარტულ თამაშებთან ჰქონდა კავშირი.
იტალიელმა ინფლუენსერმა ფაბრიციო კორონამ სოციალურ ქსელში დაასახელა კიდევ ორი ფეხბურთელი, რომელიც ფსონებს მატჩებზე აკეთებდა - სანდრო ტონალი და ნიკოლო ძანიოლო.
აღსანიშნავია, რომ სწორედ კორონა იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ზაფხულში თქვა, რომ ნიკოლო ფაჯოლი აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული. ამიტომაც, ცხადია, ახლა მის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ის პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
როგორც კორონა ამტკიცებს, ტონალი და ძანიოლო არათუ საფეხბურთო მატჩებზე აკეთებდნენ ფსონებს, არამედ თავიანთი გუნდების მატჩებზე, როდესაც „მილანსა“ და „რომაში“ თამაშობდნენ. ცხადია, ეს თუ დადასტურდა, მძიმე დანაშაულია. შედარებით მსუბუქადაა ფაჯოლის საქმე, რომელიც თანამშრომლობს პროკურატურასთან, თავად მიმართა მათ და ისიც დაადასტურა, რომ ფსონებს მართლაც აკეთებდა, მაგრამ არა თავისი გუნდის, არამედ სხვა გუნდების თამაშებზე, რის გამოც შეიძლება მხოლოდ რამდენიმე თვიანი დისკვალიფიკაცია მისცენ. ცოტა ხნის წინ „ბრენტფორდის“ ფეხბურთელი, ივან ტოუნი დასაჯეს მსგავსი რამის გამო, რომელსაც 262 მატჩზე დაუდასტურდა ფსონის გაკეთების ბრალი და თავიდან 15-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, მაგრამ მერე ის 8 თვემდე შეუმცირეს და იანვარში მოედანზე დაბრუნდება.
ჯერჯერობით, სანდრო ტონალისა და ნიკოლო ძანიოლოს საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა.