ანტონიო კონტეს და „ნაპოლის“ ურთიერთობა როგორც ჩანს, არ შედგება. ბოლო ცნობებით, იტალიელმა სპეციალისტმა უარი თქვა.
კონტემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ ოჯახთან ერთად სურს დროის გატარება, ახლა კი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს ახალ ცნობას:
„ანტონიო კონტეს დღეს ხანგრძლივი და პირდაპირი საუბარი ჰქონდა „ნაპოლისთან“. დისკუსია არ იყო პოზიტიური, რადგან იტალიელმა მწვრთნელმა გადაწყვიტა ახალ შესაძლებლობებს დაელოდოს. „ნაპოლის“ პრეზიდენტი დე ლაურენტისი კონტეს პირდაპირ ესაუბრა, მაგრამ არანაირი შეთანხმება არ არის. ანტონიოს ურჩევნია ახალ სამსახურს დაელოდოს“, - წერს რომანო.
სხვადასხვა იტალიური და ასევე, ნეაპოლური გამოცემები იტყობინებიან, რომ დე ლაურენტისი გარსიას მხოლოდ კონტესთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში გაათავისუფლებდა. ახლა კი, ფრანგი სამსახურს შეინარჩუნებს, მაგრამ მას დრო მისცეს. ნოემბრის სანაკრებო პაუზამდე გარსიამ შედეგები უნდა გამოასწოროს და ფეხბურთელებთან სიტუაციაც დაალაგოს, რომელიც სულაც არ არის იდეალური.
რაც შეეხება კონტეს უარის მიზეზს, ეს არ არის დაკავშირებული სპორტულ და ფინანსურ ასპექტთან. მას აურელიო დე ლაურენტისთანაც შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, მაგრამ "ტოტენჰემიდან" წასვლის შემდეგ ტურინში დაბრუნდა საცხოვრებლად თავის მეუღლესა და შვილთან ერთად. გარდა ამისა, შარშან ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც ჯერ დასვენება და მშვიდად ყოფნა სურს.