იტალიური სერია A-ს მე-8 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიანი მატჩი „ჯენოასა“ და „მილანს“ შორის ძალიან საინტერესო და დრამატული გამოდგა. მთავარი ამბები უკვე დამატებულ წუთებზე მოხდა.
მანამდე კი მილანელთა ერთადერთი გოლი ამერიკელმა კრისტიან პულიშიჩმა გაიტანა 87-ე წუთზე.
მერე კი დაიწყო, მსაჯმა ჯერ სტუმართა ფრანგი მეკარე, მაიკ მენიანი გააძევა საჯარიმოს ხაზთან მეტოქესთან უხეშობისთვის. „მილანს“ ყველა ცვლილება უკვე განხორციელებული ჰქონდა და კარში მენიანის თანამემამულეს, ოლივივიე ჟირუს მოუწია ჩადგომა...
მალევე მეტოქის საჯარიმოში უხეშობისთვის მსაჯმა მასპინძელთა კარის დარაჯი, ესპანელი ხოსეპ მარტინესიც დაითხოვა, რომელიც თანაგუნდელების დასახმარებლად მოწინააღმდეგის საჯარიმოში ჩასულიყო.
ბოლო წამებზე ჟირუმ საკმაოდ რთული ბურთი მოიგერია და მატჩის გმირიც გახდა - თავისიანებს სამი ქულა შეუნარჩუნა და მენიანის მაისურა შინ სამახსოვროდ წაიღო.
ამისდაკვალად, „მილანმა“ 21 ქულა მოაგროვა და ერთპიროვნულად გალიდერდა. „ინტერმა“ „ბოლონიას“ ვერ აჯობა (2:2) და 19 ქულით მეორე ადგილზეა. 17-ქულიანი „იუვენტუსი“ - მესამეა. მეოთხე-მეხუთე ადგილებს კი 14-14ქულიანი „ნაპოლი“ და „ფიორენტინა“ იყოფენ. კვირას, 8 ოქტომბერს, ისინი ნეაპოლში, მარადონას სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მატჩი თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.