რაგბი

11:00 | 7.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ხარები 24:17 ყაზბეგი

საქართველოს ჩემპიონმა რუსთავის ‘ხარებმა’, დიდი 10-ის მე-4 ტურის პირველ შეხვედრაში სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ 24:17 სძლია და 14 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე აღზევდა.

რუსთაველებმა განვლილი ოთხი თამაშიდან სამი მოიგეს და მხოლოდ ერთი დათმეს. ‘ყაზბეგმა’ პირველ ტურში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ზედიზედ მესამე შეხვედრა დათმო. სტეფანწმინდელებმა ამ ჯერზე ნუგეშ-ქულა აიღეს და 5 ქულით მე-8 ადგილზე არიან.

რუსთავში გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა პირველ ტაიმში სამი ლელო გაიტანეს, შესვენების შემდეგ კი მონაგარს მხოლოდ 3 ქულა შემატეს. სტუმრებმა თითო ტაიმში თითო ლელოთი უპასუხეს, მაგრამ სასურველი შედეგის მისაღწევად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

‘ხარებმა’ საწყის 10 წუთში ორჯერ ააგორა შედეგიანი მოლი და გიორგი გოგუაძემ დუბლი მიითვალა. ლელოებს შორის ერთი სალელოვე შანსი ‘ყაზბეგსაც’ ჰქონდა, მასპინძლები დაჯარიმდნენ და ოთარ ტალახაძემ კარის წინიდან იოლი 3 ქულა აიღო. მე-17 წუთზე რუსთაველებმა მეტოქის გადაცემა ჩაჭრეს, ფეხით გადაკიდებულს ახურვა კარგად აყვა, მცველი წნეხში მოექცა, ბაქარ ზედგინიძემ მას ბურთი ხელიდან გამოგლიჯა და თავისი გუნდის მესამე ლელო გაიტანა. ალექსი ზაზაძემ სამივე გარდასახა – 21:3.

‘ყაზბეგმა’ ერთი ლელო 33-ე წუთზე გაქვითა. მათი მოლი რუსთაველებმა შეაჩერეს, რასაც ფორვარდების დარტყმა და გიგა ჯულუხაძის ლელო მოყვა. მეორე ტაიმის დასაწყისში მოლი უკვე სტეფანწმინდელებმა დაძრეს და ამჯერად ლელო გელა მახარაშვილმა მიითვალა. ტალახაძემ ორივე გარდასახა და 45-ე წუთზე ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა.

‘ხარებმა’ აღარ გარისკა 48-ე წუთზე ზაზაძემ კარის წინიდან ჯარიმა გაიტანა, რითაც საკუთარი გუნდის უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ‘ხარებმა’ 24:17 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ დასკვნითი წუთები სტეფანწმინდელებმა მეტოქის 5-მეტრიანში გაატარეს და ‘ხარები’ რადენჯერმე დააჯარიმეს, თუმცა საბოლოოდ მასპინძლებმა ლელო მაინც დაიცვეს.

RUGBY.GE

0.120838