ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2023 წლის მსოფლიო თასის დასკვნითი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას საქართველო 7 ოქტომბერს ნანტში, „სტად დე ლა ბოჟუაზე“ ჯგუფის ლიდერ უელსთან, ჩვენი დროით 17 საათზე გამართავს.
ფიჯისთან ბორდოში გამართული ბრძოლის შემდეგ სასტარტო რაზმში ხუთი ცვლილებაა. ახალი სახეებია მარქაფაში.
ტრავმის შემდეგ გუნდს უბრუნდება კაპიტანი მერაბ შარიქაძე, რომელიც 99-ე კეპს მოიხვეჭს და კვაჭი შალვა მამუკაშვილი (102 კეპი).
ცენტრში შარიქაძეს გიორგი კვესელაძე შეუწყვილდება. ღერძზე კვლავ ვასილ ლობჟანიძისა და ლუკა მატკავას დუეტს ვიხილავთ, დავით ნინიაშვილმა და აკა ტაბუცაძემ ფრთებზე ადგილი შეინარჩუნეს, ფულბეკი კი გამოცდილი ლაშა ხმალაძე იქნება, რომელიც თავის მეოთხე მსოფლიო თასს თამაშობს, თუმცა საფრანგეთში საქმეში პირველად ვიხილავთ. ხმალაძე 97-ე კეპს მოიხვეჭს.
შერკინების პირველ ხაზში ბრუნდება კვაჭი შალვა მამუკაშვილი. მარცხენა ბურჯის პოზიციაზე მიმდინარე მსოფლიო თასზე სასტარტო შემადგენლობაში პირველადაა გურამ გოგიჩაშვილი, რომელმაც ავსტრალიასთან და პორტუგალიასთან შეცვლაზე ითამაშა. მარჯვენა ბურჯი კვლავ ბექა გიგაშვილი იქნება.
შერკინების მეორე ხაზში ბრუნდება და კოტე მიქაუტაძეს შეუწყვილდება ნოდარ ჭეიშვილი. მესამე ხაზში კვლავ მიხეილ გაჩეჩილაძეს, ბექა საღინაძეს და თორნიკე ჯალაღონიას ვიხილავთ.
მარქაფაშია ‘ბრივის’ კვაჭი ვანო კარკაძე, რომელიც გუნდს ტრავმების ფონზე ახლახანს შეუერთდა და მიმდინარე მსოფლიო თასზე პირველ თამაშს ჩაატარებს. 2019 წლის მსოფლიო თასზე მან ასევე ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ბურჯის პოზიციაზე მარქაფიდან შევლენ ნიკა აბულაძე და ირაკლი აფციაური, რომელსაც სანაკრებო დებიუტი ფიჯისთან ჰქონდა. მეორე ხაზში ლადო ჩაჩანიძე, ხოლო მესამეში გიორგი ცუცქირიძე ბრუნდება. ღერძზე და ხაზში შეცვლაზე არიან გელა აფრასიძე, თედო აბჟანდაძე და დემე თაფლაძე.
უელსთან მატჩში ბორჯღალოსნების სასტარტო შემადგენლობის კეპების ჯამი 806-ს (399 ხაზი, 407 შერკინება) შეადგენს.
საქართველოს უელსთან აქამდე 4-ჯერ უთამაშია. პირველ სამ შეხვედრაში გამარჯვება მეტოქეს დარჩა, 2022 წელს კი ბორჯღალოსნებმა კარდიფში 13:12 იმარჯვეს. იმ შეხვედრაში 15 ისეთმა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა, რომლებიც 7 ოქტომბერსაც მოედანზე იქნებიან. ესენი არიან: მერაბ შარიქაძე, ლაშა ხმალაძე, დავით ნინიაშვილი, ლუკა მატკავა, ვასილ ლობჟანიძე, გურამ გოგიჩაშვილი, შალვა მამუკაშვილი, ნოდარ ჭეიშვილი, კოტე მიქაუტაძე, ბექა საღინაძე, თორნიკე ჯალაღონია, დემე თაფლაძე, თედო აბჟანდაძე, ნიკა აბულაძე და ლადო ჩაჩანიძე.
2023 წლის მსოფლიო თასი. V ტური. გ ჯგუფი საფრანგეთი. ნანტი. „სტად დე ლა ბოჟუა“. 7 ოქტომბერი საქართველო – უელსი (17:00 საქ. დრო) საქართველო
ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);
შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).
მარქაფა: 16. ვანო კარკაძე (ბრივი), 17. ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. გელა აფრასიძე (ბეიონი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემე თაფლაძე (შავი ლომი).
RUGBY.GE