ფეხბურთი

18:52 | 30.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას იდეალური საგოლე პასი და "ნაპოლის" იოლი გამარჯვება "ლეჩესთან"

„ნაპოლიმ“ იტალიის სერია A-ს მეშვიდე ტურში სტუმრად „ლეჩეს“ ადვილად და ძალების მაქსიმალური დაზოგვით აჯობა - 4:0.

ხვიჩა კვარაცხელიამ ამჯერად გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ისევ კარგად ითამაშა და საგოლე პასი მიითვალა. „ნაპოლი“ მე-16 წუთზე ლეო ოსტიგორმა დააწინაურა, რაც ჯარიმას მოჰყვა, რომელიც ხვიჩამ მოიპოვა. პირველ ტაიმში ქართველს ორჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ ორჯერვე ბურთი კარს ააცილა, ერთხელ თავით და მეორედ საჯარიმო დარტყმით.

51-ე წუთზე კი კვარამ დიდებული საგოლე გადაცემა მიითვალა, როდესაც რბილი პასით შორეულ ძელთან ვიქტორ ოსიმენს ჩაუწოდა და ნიგერიელმაც თავით გაიტანა. სხვათა შორის, ოსიმენმა მხოლოდ მეორე ტაიმი ითამაშა, ხვიჩა კი 58-ე წუთზე შეცვალეს. გუნდის ლიდერებისთვის მცირე სათამაშო დროის მიცემა ამჯერად ნამდვილად როტაციით იყო განპირობებული, რადგან სამ დღეში „ნაპოლი“ „რეალს“ დაუპირისპირდება.

88-ე წუთზე ჯანლუკა გაეტანომ ეფექტური გოლით სხვაობა სამამდე გაზარდა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაეტანომ პენალტიც მოიპოვა, რომელიც გოლად მატეო პოლიტანომ აქცია და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 7 მატჩში 1 გოლი, 3 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს საკუთარ აქტივში.

„ნაპოლიმ“ ამ გამარჯვებით 14 ქულა დააგროვა და ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 8 ოქტომბერს, „ფიორენტინას“ უმასპინძლებს, თუმცა, მანამდე ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალს“ ასევე შინ დაუპირისპირდება (3 ოქტომბერს).

„ლეჩე“ – „ნაპოლი“ 0:4 (0:1)

გოლები: 0:1 ოსტიგორი (16), 0:2 ოსიმენი (51), 0:3 გაეტანო (88), 0:4 პოლიტანო (90, პენ)

0.207049