საქართველოს ეროვნული ლიგის 27-ე ტურში ლიდერმა „დინამო ბათუმმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
ანდრეი დემჩენკოს გუნდმა ქუთაისში „ტორპედოს“ აჯობა. უგოლო პირველი ტაიმის მერე ბათუმელები ბრწყინვალედ ათამაშდნენ და მეორე ნახევარში მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს.
შედევრი იყო პირველი გოლი, რომელიც გიორგი ზარიას აქტივშია. „დინამოს“ შემტევმა დრიბლინგი საკუთარი ნახევრიდან დაიწყო და შეტევა საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტი დარტყმით დაასრულა. მალევე ჯოვინომ სხვაობა გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში პაატა ღუდუშაურმა დააფიქსირა, რომელიც ბოლო დროს მოედნიდან უგოლოდ იშვიათად გადის.
„დინამო ბათუმმა“ 59 ქულა დააგროვა და სამი წრის შემდეგ დამაჯერებლად ლიდერობს სატურნირო ცხრილს. „ტორპედო“ 39 ქულით მეექვსე პოზიციაზეა.
„ტორპედო“ – „დინამო ბათუმი“ 0:3 (0:0)
გოლები: 0:1 ზარია (55), 0:2 ჯოვინო (59), 0:3 ღუდუშაური (81)