ფეხბურთი

3:04 | 28.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედიის შეფასება: "შეუჩერებელი კვარა დაბრუნდა, მისი თამაშის ყურება სიამოვნებაა"

იტალიის სერია A-ს მეექვსე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „უდინეზე“ 4:1 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი 19 მარტის შემდეგ პირველად გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა გოლის გარდა, საგოლე პასიც გააკეთა, პენალტიც მოიპოვა, ორჯერ ბურთი ძელსაც გაარტყა და ბრწყინვალედ ითამაშა. იტალიურმა მედიამ ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

Mediaset 7.5 ქულა - „ქართველი შეუჩერებელია. მან ორჯერ გაარტყა ბურთი ძელს და საუცხოო გოლი გაიტანა, სილვესტრის გვერდის ავლით. იპოვა ღიმილი და გოლი, რომელიც 19 მარტიდან აკლდა“.

Eurosport 7.5 ქულა - „უდინეზესთან“ მიუწვდომელია და მასთან თამაში შეუძლებელი იყო. გაიტანა (სეზონში პირველად), გააკეთა საგოლე პასი სიმეონეზე, ორჯერ ბურთი ძელს გაარტყა და გააგიჟა საწყალი პერესი. თამაში, რომელიც შეესაბამება მის რეპუტაციას“.

Calcionapoli1926 8 ქულა - „ორი ძელი მართლაც მეტისმეტი იყო. ფაქტობრივად განმათავისუფლებელი გოლი გაიტანა, ლამაზი გოლი, რომელიც არანაკლებ სანახაობრივ თამაშს მოჰყვა. ძალიან კარგად გამოიმუშავა პენალტი, რითაც ანგარიში გაიხსნა, შემდეგ საგოლე პასიც გააკეთა. მოკლედ, KVARA IS BACK!”

Tuttonapoli 8.5 ქულა - „აჯობა ებოსელეს, რომელმაც საჯარიმოში წააქცია. ორჯერ ძელს ურტყამს ბურთს, მეორე შემთხვევაში ფენომენალური მოქმედებით. შემდეგ აჩერებს დროს გოლით, რომელიც ღირს არა ბილეთის, არამედ მთელი სეზონის აბონემენტის ფასი“.

Tuttomercatoweb 8 ქულა - „აი ისევ: მთელი თავისი არაპროგნოზირებადობით და ყველა იმ მოქმედებით, რამაც შარშან იტალიასა და ევროპაში მეტოქე გუნდებიც დაცვა გააგიჟა. დიდი იმპულსის თამაში, წარმოუდგენელი ძელის შემდეგ არ ნებდება და დაჯილდოვდა გოლით და საგოლე პასით“.

Calciomercato.it 8.5 ქულა - „მოიპოვა პენალტი, ორჯერ ძელს გაარტყა, მეტოქეებს უმარტივესად ატყუებს. ნამდვილი სიამოვნებაა მისი თამაშის ყურება. ბიოლს ართმევს ბურთს, მიფრინავს კარისკენ, სილვესტრის ატყუებს და გოლს იტანს. ყველაფერი მშვენიერია. საკითხავია, რატომ არ დავამატოთ საგოლე პასი და სიმეონეზე ეს პასიც მოდის“.

Calciomercato.com 8 ქულა - „დაბრუნდა, როგორც იქნა. უზარმაზარი თამაში ქართველისთვის, რომელმაც პენალტი მოიპოვა, მუდმივად აკეთებდა დრიბლინგს, ორჯერ ძელს გაარტყა და ბოლოს უდიდესი ხარისხის გოლი გაიტანა. მაღალ ნოტაზე დასასრულებლად სიმეონეზე საგოლე პასიც გვჭირდება“.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ექვს მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ საგოლე პასი გააკეთა და ორჯერ პენალტი მოიპოვა. „ნაპოლიმ“ ამ გამარჯვებით 11 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 30 სექტემბერს, სტუმრად „ლეჩეს“ დაუპირისპირდება.

0.124887