ამ დღეს დიდი ხანი ველოდით, 6 თვე, 192 დღე - ხვიჩა კვარაცხელიას უგოლო სერია შეწყდა! ასე რომ არ ყოფილიყო, სერია A-ს მე-6 ტურში „უდინეზესთან“ „ნაპოლის“ ქართველმა ვარსკვლავმა მაინც გაიბრწყინა, ძველი ხვიჩა ყველას გაახსენა, რომელმაც ერთი წლის წინ საფეხბურთო სამყარო მოაჯადოვა.
კვარა რომ ძალიან შემართული იყო, დასაწყისშივე გამოჩნდა, როდესაც ორი მომენტი ჰქონდა: ჯერ მცირედით არაზუსტად დაარტყა, მერე მეკარემ აჯობა. ამ მომენტებს შორის კი მოპოვებული პენალტი იყო. კვარა მცველმა წააქცია და VAR-ზე გადამოწმების შემდეგ პენალტი სამართლიანად დაინიშნა, რომელიც პიოტრ ჟელინსკიმ გოლად აქცია - 1:0. 20 წუთის შემდეგ თავისი გოლი ვიქტორ ოსიმენმაც გაიტანა და სხვაობა გაზარდა.
მეორე ტაიმი კი კვარაცხელიას ბენეფისი იყო! მან ორჯერ ბურთი ძელს გაარტყა: 57-ე წუთზე ერთი შეხებით ახლო მანძილიდან შეუშალა ძელმა ხელი, ხოლო 10 წუთში უკვე საჯარიმოს მისადგომებთან ტექნიკურად ითამაშა, შორეულ კუთხეში დაარტყა, მეკარე გააშეშა, მაგრამ ისევ ძელი...
ბრწყინვალედ მოთამაშე კვარას თითქოს არ უმართლებდა, მაგრამ გოლი მაინც გაიტანა! 74-ე წუთზე მან მცველს ბურთი წაართვა, მეკარესთან პირისპირ დარჩა, რომელსაც ბურთი თავზე ეფექტურად გადაუგდო და ცარიელ კარში გაიტანა! ეს არ ყოფილა კვარაშოუს დასასრული.
82-ე წუთზე ხვიჩამ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა - გოლს და მოპოვებულ პენალტს საგოლე პასიც დაუმატა, როდესაც ჯოვანი სიმეონეს გაატანინა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. რუდი გარსიამ ხვიჩა ამჯერადაც შეცვალა, 83-ე წუთზე, თუმცა, ამჯერად ცხადია, პრეტენზია არავის ჰქონია... ცხადია, ულაპარაკოდ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ქართველი შემტევი იყო.
ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ექვს მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ საგოლე პასი გააკეთა და ორჯერ პენალტი მოიპოვა.
„ნაპოლიმ“ ამ გამარჯვებით 11 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 30 სექტემბერს, სტუმრად „ლეჩეს“ დაუპირისპირდება.
"ნაპოლი" - "უდინეზე" 4:1 (2:0)