ფეხბურთი

22:57 | 24.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

მედიის გამოხმაურება კვარაცხელიაზე: "ნაპოლის" ლიდერობდა და გაუგებარია, რატომ შეცვალეს"

იტალიურმა მედიამ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში „ბოლონიასთან“ დადებითად შეაფასა და წერენ, რომ მისი შეცვლა აუხსნელი გადაწყვეტილებაა.

მოგეხსენებათ, „ნაპოლი“ ბოლონიაში მხოლოდ ქულას გამორჩა (0:0), ხოლო ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 76-ე წუთამდე იყო.

Calciomercato.com – 6 ქულა: „კიდევ ერთხელ გოლის გარეშე, მაგრამ ამჯერად გუნდის ლიდერობის სურვილი ჰქონდა და ეს გამოსდიოდა კიდეც“.

Tuttonapoli – 6 ქულა: „განუწყვეტლივ უმიზნებს მეტოქეს და საჯარიმოს. დაჟინებით ცდილობდა გატანას, ალბათ მეტისმეტადაც. თუმცა, მისი მოქმედებიდან გაჩნდა „ნაპოლის“ პენალტი“.

Eurosport – 6 ქულა: „გოლის გატანა უნდა, „ნაპოლის“ პენალტი მისი პასის დამსახურებაა, მაგრამ ახალ მწვრთნელთან ურთიერთობა ცუდია და რა თქმა უნდა, ეს მოედანზეც ჩანს“.

Tuttomercatoweb – 6 ქულა: „დააგვიანა შორეული ძელის კუთხის ჩახურვა. მცირე თავდაჯერებულობის მომენტშიც ცდილობს გოლის გატანას. რაღაცას ქმნის, მაგრამ მაინც ძალიან ცოტაა. ნახევარი ქულით მეტი მიიღო პენალტის ეპიზოდის გამო“.

Calciomercato.it – 6.5 ქულა: „ერთი ქულით ნაკლები დაიმსახურა ოსიმენის ძელის შემდეგ სენსაციურად განიავებული საგოლე მომენტისთვის. ბევრი გამონათება ჰქონდა და ცოტა ზედმეტი უზუსტობა. მისი შეცვლა აუხსნელია“.

Calcionapoli 1926 – 6 ქულა: „კარგი პირველი ტაიმი ჩაატარა, მეორე ნახევარში ოდნავ ქრებოდა, მაგრამ გარსია მართალია: გოლი აკლია უფრო თავისუფალი გონებით სათამაშოდ“.

Mediaset – 6.5 ქულა: „პირველი ტაიმი შედარებით სუსტად ჩაატარა, მაგრამ მეორე ტაიმში გაანათა. „ნაპოლის“ ყველა სახიფათო იერიში მისით იწყება, აკვიატებული ეძებდა ოსიმენს და ცდილობდა გოლის გატანას. რეალურად მან მოიპოვა პენალტი, შემდეგ კი თავის საუკეთესო მომენტში შეცვალეს, რაც გაუგებარია“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში ზედიზედ სამი მატჩია ვერ იგებს და მხოლოდ 8 ქულა აქვს, ლიდერ „ინტერთან“ ჩამორჩენა უკვე 7 ქულას შეადგენს. გარსიას გუნდი მომდევნო ტურში 27 სექტემბერს, „უდინეზეს“ უმასპინძლებს.

0.105319