ინგლისის პრემიერლიგის მეექვსე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ლონდონური დერბი შედგა, რომელშიც „არსენალი“ და „ტოტენჰემი“ დაზავდნენ - 2:2.
„მეთოფეები“ „მამლებს“ ორჯერ უგებდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერც ერთხელ შეინარჩუნეს. ანგარიში კრისტიან რომეროს ავტოგოლით გაიხსნა, რასაც სონ ჰინ-მინმა მალევე უპასუხა. 54-ე წუთზე ბუკაიო საკამ „არსენალი“ ისევ წინ გაიყვანა, მაგრამ სულ ერთი წუთით, რადგან სონმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „არსენალს“ და „ტოტენჰემს“ 14-14 ქულა აქვთ და მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფენ.
„ლივერპულმა“ „ვესტ ჰემს“ შანსი არ დაუტოვა, მიუხედავად იმისა, რომ იურგენ კლოპის გუნდს იოლად არაფერი მიუღია. მო სალაჰის გოლი პირველი ტაიმის ბოლოს ჯარედ ბოუენმა გაქვითა, მეორე ნახევარში კი დარვინ ნუნიესმა და დიოგო ჟოტამ „წითლებს“ მოაგებინეს. „ლივერპულს“ 16 ქულა აქვს და მხოლოდ „მანჩესტერ სიტის“ ჩამორჩება.
კვლავ წააგო ლონდონის „ჩელსიმ“, რომელიც პრემიერლიგის ექვს ტურში ერთადერთი მოგების ამარაა, ისიც დებიუტანტი „ლუტონის“ წინააღმდეგ. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა ამჯერად შინ ბირმინგემის „ასტონ ვილასთან“ განიცადა. უნაი ემერის გუნდმა 12 ქულა დააგროვა და ლიდერებშია, ხოლო „ჩელსი“ მხოლოდ 5 ქულით და მე-14 ადგილით იწონებს თავს.
ისევ მოიგო ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა „ბრაიტონმა“, რომელიც აგებდა „ბორნმუთთან“, მაგრამ 3:1 იმარჯვა და 15 ქულით მესამე ადგილზეა.
„არსენალი“ – „ტოტენჰემი“ 2:2 (1:1)
გოლები: 1:0 რომერო (26, ა.გ), 1:1 სონი (42), 2:1 საკა (54), 2:2 სონი (55)
„ჩელსი“ – „ასტონ ვილა“ 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 უოტკინსი (73)
„ლივერპული“ – „ვესტ ჰემი“ 3:1 (1:1)
გოლები: 1:0 სალაჰი (16, პენ), 1:1 ბოუენი (42), 2:1 ნუნიესი (60), 3:1 დიოგო ჟოტა (85)