ბაქოს გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს გურამ თუშიშვილი და ილია სულამანიძე ფინალში გავიდნენ, ხოლო გელა ზაალიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
+100 კგ წონით კატეგორიაში თუშიშვილმა ტაჯიკი მანსურ რაჰმონი, რუსი თამერნალ ბაშაევი და ყაზახი ეირასილ კაჟაბაიევი დაამარცხა, ფინალში კი რუს ინალ ტასოევს გაეჯიბრება.
ამავე წონაში ბრინჯაოსთვის იბრძოლებს გელა ზაალიშვილი, რომელმაც ნახევარფინალამდე ყაზახი ადილ ორაზბაიევი, გერმანელი ერიკ აბრამოვი და აზერბაიჯანელი ჟამალ გამზათანოვი დაამარცხა, ნახევარფინალში კი ინალ ტასოევთან წააგო. ბრინჯაოს მედლისთვის გელას მეტოქე ბაშაევი იქნება.
100 კგ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ რუს ნიაზ ბილალოვს, ბრიტანელ რის ტომპსონს და ხორვატ ზლატკო კუმრიჩს აჯობა, ნახევარფინალში ფრანგ ორელინ დიესეს სძლია და ისიც ფინალში გავიდა.
90 კგ წონით კატეგორიაში პირველივე ეტაპზე გამოეთიშნენ ასპარეზობას თორნიკე ფოლადაშვილი და ვლადიმერ ახალკაცი. ეს უკანასკნელი ესპანელ დანიელ ნიეტოსთან, ხოლო ფოლადაშვილი ელდარ ალახვერდიევთან დამარცხდა.
ქალთა შორის, +78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა პირველივე შეხვედრა დათმო იაპონელ სარა ასაჰინასთან და უმედლოდ დარჩა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების აქტივში ბაქოს გრანდ სლემზე დღეს ერთი ვერცხლის მედალია, რომელიც ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.