სხვა

17:40 | 20.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

შეხვედრა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების საკოორდინაციო კომისიის წევრებთან

საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების საკოორდინაციო კომისიის წევრები - სპორტული დირექტორი პიტერ ბრული, ბაკურიანი -2025-ის საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარე ფლორინ მისკა და საკოორდინაციო კომისიის წევრი მერლე კალიურანდი.

დღეს ბაკურიანი-2025-ის საორგანიზაციო კომიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ევროპელ სტუმრებთან, რომელსაც უძღვებოდა ბაკურიანი 2025-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელი.

სტუმრებს მიესალმა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, რომელმაც ხაზი გაუსვა ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მნიშვნელობას და გამოთქვა რწმენა, რომ საქართველო ღირსეულად უმასპინძლებს ამ მულტისპორტულ შეჯიბრებას: „ ჩვენ გვაქვს 2015 წლის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების გამოცდილება, გვყავს კვალიფიციური კადრები, გვაქვს სამთავრობო მხარდაჭერა, რაც ერთგვარი წინაპირობაა იმისა, რომ ფესტივალამდე დარჩენილ დროში, ყველანი ერთად, ნაყოფიერად ვიმუშავებთ და ამ მნიშვნელოვან შეჯიბრებას მაღალ დონეზე ჩავატარებთ."

ლერი ხაბელოვმა მადლობა გადაუხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლებს მოსამზადებელ პროცესში აქტიური ჩართულობისთვის, წარმატებული საქმიანობა უსურვა მათ და ბაკურიანი 2025-ის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს.

საქართველოს მუნიციპალური განვითრების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ წარმოადგინა ინფორმაცია ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ.

დამსწრე საზოგადოების წინაშე ვრცელი პრეზენტაციით წარდგა ბაკურიანი 2025-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ დარჩიაშვილი. მან დეტალურად ისაუბრა კომიტეტის სამუშაო გეგმაზე, სხვადასხვა მიმართულებით შესასრულებელ სამუშაოებზე, მათი შესრულების ვადებზე, ფესტივალის სტუმრების მიღება-დაბინავების, ტრანსპორტის უზრუნველყოფის და სხვა საკითხებზე.

ბაკურიანი -2025-ის საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარემ ფლორინ მისკამ დადებითად შეაფასა საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობა და მოიწონა მზადების სამომავლო სამუშაო გეგმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ბაკურიანი 2025-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლები.

ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს საქართველო, კერძოდ ბაკურიანი, თბილისი და ბათუმი 2025 წლის თებერვალში უმასპინძლებს.

GEONOC.ORG.GE

0.113897