თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ვლადიმერ გამყრელიძე ოქროს მედლისთვის, მირიან მაისურაძე კი, ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.
გამყრელიძემ (79 კგ) ლატვიელი ალანს ამიროვსკი (8:0), ყაზახი ბოლატ საკაიევი (8:2) და უკრაინელი ვასილ მიხაილოვი (10:4) დაამარცხა, რის შედეგადაც, ფინალში გავიდა, სადაც 18 სექტემბერს, იჭიდავებს და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულამდე ნაბიჯი აშორებს.
მაისურაძემ (92 კგ) რუსტამ შოდიევი (10:0) და ბაბასაჰებ პატილი (3:0) დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში ყაზახ რიზაბეკ აიტმუხანთან 1:8 წააგო და ფინალს მიღმა დარჩა, მაგრამ ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
74 კგ წონით კატეგორიაში ავთანდილ კენჭაძე ზაურბეკ სიდაკოვთან 6:7 დამარცხდა. რუსი ფინალში გავიდა, რითაც კენჭაძეს შანსი რეპეშაჟში ექნება, როგორც ბრინჯაოს მედლის, ისე ოლიმპიური ლიცენზიის.
57 კგ წონით კატეგორიაში პირველივე წრეში განიცადა მარცხი რობერტ დინგაშვილმა, რომელსაც ვლადიმირ ეგოროვმა აჯობა. ჩრდილომაკედონიელი თავის მხრივ ფინალში ვერ გავიდა და ქართველმაც მედლის შანსი დაკარგა.
თავისუფალ ჭიდაობაში კიდევ ორი ქართველი მოჭიდავე უნდა ჩაერთოს საქმეში - ედემი ბოლქვაძე (65 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ). ორივე წინასწარ შეხვედრებს ორშაბათს გამართავს.