რუსეთის პრემიერლიგის მერვე ტურში მოსკოვის „დინამო“ შინ „ნიჟნი ნოვგოროდს“ დაუზავდა (1:1). მასპინძლები მერვე წუთიდან იგებდნენ, მაგრამ 88-ე წუთზე ანგარიში ნიკოლოზ ქუთათელაძემ გაათანაბრა.
22 წლის ქართველ თავდამსხმელს დებიუტი ჰქონდა. ის მოედანზე 82-ე წუთზე შევიდა და 6 წუთში ქუსლით ლამაზი გოლი გაიტანა, რითაც თავისი გუნდი მარცხისგან იხსნა. მოსკოვის „დინამოში“ არ უთამაშია ლუკა გაგნიძეს, რომელმაც საქართველოს ნაკრებში ტრავმა მიიღო და დაახლოებით ერთი თვე იუქმებს.
„ნიჟნი ნოვგოროდი“ 8 მატჩში მოპოვებული 11 ქულით მერვე ადგილზეა, ხოლო მოსკოვის „დინამოს“ 15 ქულა აქვს და მეორე საფეხურზეა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ქუთათელაძე პსჟ-ს აკადემიაში იყო, შემდგე „სპარტაკის“ მეორე გუნდში ითამაშა, ბოლოს კი, ლიგა 2-ში, „როდეზის“ ღირსებას იცავდა.