ფეხბურთი

3:59 | 13.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქოჩორაშვილი: "არასდროს არაფერია დაკარგული, შრომით ყველაფერი შესაძლებელია"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა ნორვეგიასთან მატჩის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. „ლევანტეს“ ნახევარმცველისთვის ეს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო თამაში იყო.

„ძალიან გახარებული ვარ, რომ შანსი მომეცა და ვითამაშე, დებიუტი მქონდა. თუმცა, რთული თამაშები გამოვიდა, გუნდისთვის და მთელი საქართველოსთვის. ვეცდებით, გავაუმჯობესოთ და ეს გამოცდილება გამოვიყენოთ. ვეცადეთ მწვრთნელის დავალება შეგვესრულებინა, მაგრამ უკეთ შეგვიძლია გაკეთება. ვფიქრობ, საწყისი 20 წუთი კარგად შევასრულეთ დავალება, შეგვეზღუდა სივრცეები, როგორც ჰოლანდისთვის, ისე ოდეგორისთვის, რათა ბურთი ნაკლებად მიეღოთ, მაგრამ საბოლოოდ, გოლი გაიტანეს და მერე უფრო გართულდა თამაში.

ბავშვობიდან მჯეროდა, რომ ნაკრებში ვითამაშებდით. იმის მიუხედავად, რომ ერთი წლის წინ მესამე დივიზიონში წავედი სათამაშოდ, ვეცადე, რომ მაქსიმუმი გამეკეთებინა და გამეუმჯობესებინა ის პატარა შეცდომები, რაც კარიერაში მქონდა და ვეცდები გავაგრძელო, რადგან არასდროს არაფერია დაკარგული, დრეს თუ არ გამოდის, ხვალ გამოვა და შრომით ყველაფერი შესაძლებელია. ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივარს ამ მხარდაჭერისთვის, ამას ვგრძნობთ და ვეცდებით მათი გადმოცემული მუხტი მომდევნო მატჩებში დავაფასოთ და უკეთ ვითამაშოთ.

„ლევანტეში“ თავიდანვე მაფასებდნენ, რამდენიმე თამაში 3 წლის წინაც ვითამაშე, მაგრამ თუ გაქვს შეცდომები ჯობია გამოასწორო. სწორედ მესამე დივიზიონში იყო ამაზე მუშაობის საშუალება, ამ ყველაფერზე მუშაობის, ჩემს თავში თვითრწმენის დასაბრუნებლად, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად და ტექნიკურად. ფსიქოლოგიურად ყოველთვის ერთ დონეზე უნდა იყო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - თქვა ქოჩორაშვილმა.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 5 მატჩის შემდეგ 4 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მეოთხე ადგილზეა. მომდევნო ტურში სანიოლის გუნდი 15 ოქტომბერს, კვიპროსს უმასპინძლებს, მანამდე სამი დღით ადრე კი, ამხანაგურ მატჩს ტაილანდთან ასევე შინ ჩაატარებს.

0.109442